Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები მელაშვილსა და ილიჩოვას სინდისის პატიმრებად მიიჩნევენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ


მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები - მელაშვილი და ილიჩოვა, შეწყდეს საზღვრის დემარკაციის პროცესის სახიფათო პოლიტიზაცია და გადავარჩინოთ გარეჯის საკითხზე ორმხრივად ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, - ამ შინაარსის მიმართვას 7 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. მათ განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მოვლენების განვითარება, პოლიტიკურ კონტექსტთან ერთად ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სინდისის პატიმრები არიან და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ადამიანები ციხეში სხედან, მმართველი პარტიის დაკვეთაა.

„უკანონო დევნა და მორალური ტერორი, გარეჯის თემით უსაფუძვლო სპეკულაციის ფონზე მიმდინარეობს. პარალელურად, ანტი-აზერბაიჯანული ისტერია ღვივდება. ამ ყველაფერზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება, მაგრამ მის დანაშაულს თანამონაწილეც ჰყავს. მათგან უპირველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ის შავრაზმელი იერარქიაა, რომელიც წლებია იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებს. ერთმორწმუნე მტრის მეხუთე კოლონა სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის ტოლობის ნიშანს სვამს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების მიერ ორკესტრირებული ფსევდორელიგიურ-ნაციონალისტური აღტყინების ატმოსფერო ეხმარება კრემლს, მისი ადგილობრივი სატელიტების ხელით ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას, ევროატლანტიკურ მომავალს და საბოლოოდ მიაჯაჭვოს ქვეყანა რუსული გავლენის სფეროს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ე.წ. პოლიტიკური თამაშები განსაკუთრებით სახიფათოა მაშინ, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი განახლდა. მათი განცხადებით, შეშფოთებას იწვევს საზღვრის დემარკაციის პოლიტიზაციის მცდელობა, სარისკო თამაში კი გარეჯის საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას ქვეყანას სულ უფრო აშორებს, ქმნის დაძაბულობას მეზობელ სახელმწიფოსთან და პოტენციურად ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდის საშიშროებას შეიცავს.

დავიხსნათ სინდისის პატიმრები, დავიცვათ გარეჯი, აღვადგინოთ კეთილმეზობლობა, - მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები. განცხადებას ხელს აწერენ: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „თანასწორობა 17“, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“, „სამოქალაქო იდეა“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 6 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 15 ოქტომბერს, „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც პატიმრობაში დატოვა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG