Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მივიდა თავდამსხმელი ბანკამდე და სად ჩაისვა იგი 112-ის თანამშრომელმა


თავდამსხმელი, რომელიც 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა, დანიშნულების ადგილამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებმა დათო მატუამ მიიყვანა.

დათო მატუა 112-ის თანამშრომელია - მეხანძრე-მაშველი. პოლიციაში უკვე გამოიკითხა. მოწმეს გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული, ამიტომ თავად მედიასთან არ საუბრობს. დეტალებს, თუ როგორ აღმოჩნდა შეიარაღებული და ნიღბიანი პირი მის ავტომანქანაში, რადიო თავისუფლებას მისი ძმა, ბაჩანა მატუა უყვება.

რადიო თავისუფლება: რაიმე კავშირი ჰქონდა თქვენს ძმას თავდამსხმელთან? და თუ არა, როგორ აღმოჩნდა იგი მის ავტომანქანაში?

ბაჩანა მატუა: თავდამსხმელთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. სოფლიდან მიდიოდა ქალაქისკენ [ზუგდიდის] სამსახურში, გზის პირას, ხიდთან გააჩერა და ჩაუჯდა.

რადიო თავისუფლება: კონკრეტულად რა ადგილას ჩაისვა უცნობი თქვენმა ძმამ?

ბაჩანა მატუა: ეს მოხდა ახალსოფლის ტერიტორიაზე. ჩვენ ვცხოვრობთ ახალსოფელში და ის ადგილი, ხიდი არის ჩვენგან დაახლოებით 1 კილომეტრში. ის წინ გადაუდგა, შემდეგ გააღო მანქანის უკანა კარები და ჩაუჯდა. ჩემი ძმა როგორც კი მიბრუნდა უკან, ეგრევე ეუბნება, რომ წინ უყურე გზას, წადიო! ჩემი ძმა ამბობს, ისეთი ჩაცმული იყოო, ადამიანს თვალები არ უჩანდა [ნიღაბი ეკეთა], ვიფიქრე, სპეცნაზელია ან რაღაც ღონისძიებას ატარებდნენ და ჩამორჩაო. ჩემმა ძმამ თქვა, მე ამიტომაც თამამად ვუთხარი, ასეთი ტონით რატომ [მელაპარაკებიო]? მეც თანამშრომელი ვარო. ასე უთქვამს ჩემს ძმას, მაგრამ ის თურმე არ პასუხობდა. მხოლოდ ეს [უთხრა] - იყურე წინ, წადი! მეტი არანაირი დიალოგი მათ არ ჰქონიათ. უბრალოდ ჩვენი სოფელი რომ მთავრდება და თბილისის ქუჩა იწყება, იქ მითითება მისცა, რუსთაველის ქუჩით გადიო.

რადიო თავისუფლება: ანუ თქვენმა ძმამ თავიდან არ იცოდა, რომ მიდიოდა „საქართველოს ბანკთან?

ბაჩანა მატუა: არა, საიდან უნდა სცოდნოდა? როცა გაიარეს მერიის შენობა, მაშინ არის მესამე დიალოგი. ის [თავდამსხმელი] ამბობს: იარე ნელა, შეანელე! ძმა როგორც ყვება, მე ჩვეულებრივად მივდიოდიო გზაზე და იმან მითხრა, ადი ტროტუარზეო. რატომ უნდა ავიდეო [იკითხა ძმამ]? - არაა შენი საქმე, ადიო! ავიდა, ის ეგრევე კარებს აღებს, გასროლას ახდენს და შედის [ბანკში].

რადიო თავისუფლება: ანუ თქვენმა ძმამ დაინახა, როგორ გაისროლა?

ბაჩანა მატუა: დაინახა როგორ, ახლა... ის უკან იჯდა, ჩემი ძმა წინ და ამბობს [ძმა], რომ უბრალოდ ხმა გაიგო. მერე ჩემი ძმა იღებს ტელეფონს და რეკავს 112-ში, სადაც დაკავებაა და თან სამსახურში მიდის, რომ ზემდგომებს მოახსენოს სიტუაცია.

რადიო თავისუფლება: რა დრო იქნებოდა, როცა თქვენი ძმა სახლიდან გავიდა და რა დრო დასჭირდა მას ბანკამდე მისასვლელად?

ბაჩანა მატუა: დაახლოებით 2-ის მერე გადის ხოლმე სახლიდან. ჩვენი სახლიდან ზუგდიდამდე 5 კილომეტრია და ამიტომ დიდი გზა არ გაუვლიათ და ბევრი არც ულაპარაკიათ. 7-6 წუთი საკმარისია ქალაქამდე მისასვლელად.

რადიო თავისუფლება: სოფელში რას ამბობენ, მანამდე ვინმემ თუ შენიშნა სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირი?

ბაჩანა მატუა: არა, მე არაფერი გამიგია, ვინმეს ასეთი რამ რომ ეთქვას სოფელში. პოლიციასთან ვინ რას ამბობს, არ ვიცი და მე არაფერი გამიგია.

რადიო თავისუფლება: თქვენი ძმა როდის გამოიკითხა პოლიციაში?

ბაჩანა მატუა: ჩემი ძმა იმავე დღეს გამოიკითხა პოლიციაში. მას შემდეგ რამდენჯერმე დაურეკეს, რაღაც კითხვები ჰქონდათ, მე როგორც ვიცი. ჩვეულებრივად მუშაობს მას შემდეგ ჩემი ძმა. მისი ავტომანქანა „ფოლკსვაგენ პოლო“ ახლა დალუქულია და პოლიციაშია.

რადიო თავისუფლება: ახალსოფელში თუ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები?

ბაჩანა მატუა: არაფერი ვიცი. ვერაფერს გეტყვით.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული თავდამსხმელის, რომელმაც ზუგდიდში, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, მძევლად აიყვანა 43 ადამიანი.

მძევლების უმეტესობის გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა ნიღბიანმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, 3 მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებული და უვნებელია. მოგვიანებით შსს მინისტრმა დაადასტურა, რომ შეიარაღებულ თავდამსხმელს მოთხოვნილი ფული გადასცეს.

XS
SM
MD
LG