Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: გამარჯვების შემდეგ არანაირი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა იყოს


საარჩევნო ღონისძიება გორში. 2020 წ. 24 ოქტომბერი.
საარჩევნო ღონისძიება გორში. 2020 წ. 24 ოქტომბერი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ არავითარი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა მოხდეს.

„ივანიშვილი რვა წელია გვყოფს, ერთმანეთს გადაგვკიდა, ოჯახები გადაკიდა. ათასი ტყუილი, საზიზღობა, ჭორი გაავრცელა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გამარჯვების შემდეგ არანაირი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა იყოს. ჩვენ ეს იარები უნდა მოვიშუშოთ, გავამთელოთ, რაც გაყოფილია, ჩავეხუტოთ ერთმანეთს, დავივიწყოთ ძველი წყენა“, - განაცხადა სააკაშვილმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენისას. ის გორში გამართულ ღონისძიებას ონლაინ ჩაერთო.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა „საქმის გარჩევების“ დრო არ არის: „ახლა ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა. ეს არის ის, რომ საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ეს არის ან ქართული სახელმწიფოს სიკვდილი, ან გამარჯვება. ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი, ან გამარჯვება. ან უფროსი თაობის სიკვდილი კოვიდისგან და სხვა დაავადებებისგან - შიმშილისგან, სიღარიბისგან, ან - გამარჯვება. ვინაიდან სიკვდილი ჩვენ არ გვიზიდავს, ვინაიდან ვერც ერთი დაავადება ჩვენ ვერ უნდა გვამარცხებდეს, ვინაიდან შიმშილობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ, ამიტომ არანაირი სიკვდილი - გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ჩვენ ამისთვის ვემზადებით“.

მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა უკანასკნელ ხანებში გახშირებულ დამნაშავეობაზე. მისი თქმით, ბოროტმოქმედები, „კრიმინალები“ გრძნობენ, რომ ხელისუფლებას „რამდენიმე დღე დარჩა“ სათავეში ყოფნისთვის.

„თქვენ ხედავთ, როგორ გააქტიურდნენ კრიმინალები. ჩემთვის ყველაზე კარგი ინდიკატორი, თუ რა ხდება საქართველოში, არიან კრიმინალები, იმიტომ, რომ კრიმინალებმა მოიყვანეს ესენი და კრიმინალებს მიჰყავთ ესენი ისევ. კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა. ცდილობენ, რომ რამდენიმე დღე მოიპარონ. ესენი ცდილობენ მოიპარონ მაღაზიებიდან, ბიუჯეტის ქურდები და მღრღნელები ცდილობენ მოიპარონ ტენდერებიდან, მოიპარონ ბიუჯეტში დარჩენილი ბოლო ნამცეცები, რაც არ გაუტანიათ, რადგან მათ იციან, რომ მათი სალაფავის დრო დასრულდა. საქართველოში იწყება წესიერების, პატიოსნების, აღმშენებლობის, მომავლის ეპოქა და ეს ეპოქა იწყება 31 ოქტომბერს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე მიმართა სახელმწიფო მოხელეებს და მოუწოდა მათ, ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს.

„მინდა მივმართო სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებს - ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, იმიტომ, რომ თქვენს წინააღმდეგ არავინ არაფერს აპირებს. გაძლევთ გარანტიას, რომ ყველა, ვინც პატიოსნად მუშაობს, და ასეთია ჩვენი სამოქალაქო სამსახურის აბსოლუტური უმრავლესობა, შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს. თქვენ აგეწევათ ხელფასი, გაუმჯობესდება პირობები, ბევრად უკეთესი პერსპექტივა გაგიჩნდებათ და აღარავის ხელის ბიჭები, გოგოები და აღარავის მონები არ იქნებით. თქვენ იქნებით ხალხის მსახურები და ჩვენ ამის გარანტიებს აუცილებლად შეგიქმნით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG