Accessibility links

ველოდები, ველოდები, ველოდები - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატთან


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 10 დღე გავიდა. რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც 4-დღიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მწყემსმა იპოვა საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მიმდინარე გამოძიების პარალელურად, თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ მამამ დაასახელა პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც მისი თქმით ოჯახს გაჩუმებისკენ მოუწოდებდა, პოლიციელმა ბრალდება უარყო. 28 ივლისს უკვე ოჯახის ადვოკატმა და საქმეში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გააკეთეს განცხადება მათ მიმართ დევნისა და უკანონო თვალთვალის შესახებ. 28 ივლისს ფეისბუკზე აღარ იძებნება თამარ ბაჩალიაშვილის პირადი გვერდი.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მას ამ საქმის შესახებ საჯაროდ საუბრის გამო უთვალთვალებენ. ამ დრომდე გაუხსნელია თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი, ადვოკატს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ აძლევენ საშუალებას, გაეცნოს კამერების, სატელეფონო ანძების და საბანკო ამონაწერებს. რადიო თავისუფლება ამ საქმეში არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.

სანამ უშუალოდ საქმის მასალებზე გკითხავდეთ, თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ ხართ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი. შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ, რა ზეწოლაზე საუბრობთ?

ოფისთან მხვდებიან უცხო პირები, დაიწყო ჩემი ლანძღვა-გინება ძალიან ცუდ ფორმაში. გადამთელეს, ასე რომ ვთქვათ, გარდაცვლილ მამაჩემსაც კი მიწვდნენ. ამ ყველაფერს კითხულობს ჩემი არასრულწლოვანი შვილი. უნდათ, რომ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამომაშორონ, დამაშინონ და გამაჩუმონ.

თუ გავიხსენებთ, ასე იყო დეკანოზ მამალაძის საქმეზეც. მაშინ მიწევდა ისეთი მაღალი თანამდებობის პირების გვარების დასახელება, როგორიცაა ჩუბინიძე, გოგაშვილი და იმ საქმის მიმდინარეობის დროსაც იყო თვალთვალი ჩემს ოფისთან, ღირსების, პატივის და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებები მაღალი რანგის სასულიერო პირების მხრიდან.

რაზეც თქვენ და ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა ისაუბრეთ, აძლევს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ დაიწყოს თქვენზე ზეწოლის ფაქტების გამოძიება?

სამართლებრივ საფუძველს ეს განცხადებები იძლევა, მაგრამ რითი ინტერესდებიან, ამით რომ დაინტერესდნენ? რატომ არ უნდა დაათვალიერონ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ჩემს ოფისთან მოდიან, ვინც მიღებს, რატომ მიღებს, არ არის საინტერესო?

თქვენ თქვით, რომ გსურთ, დახმარება გამოძიების ფედერალურ ბიუროს სთხოვოთ - რამდენად რეალურია ამ უწყების ჩართვა გამოძიებაში და რა დრო დასჭირდება ამის ორგანიზებას?

ზუსტად ვერ გეტყვით რა დრო დასჭირდება ამას, მთელი რიგი პროცედურებია საჭირო, გარკვეულ ინფორმაციას ვცვლით ჯერ ერთმანეთში და ვნახოთ.

თუ აქ ვერ მოხერხდება ამ [თამარის] კომპიუტერის გახსნა, მერე შესაბამისად ვიმოქმედებთ.

ანუ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია, ვთქვათ, რამდენად რეალურია გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვა ამ საქმეში?

არა.

რა ვიცით თამარის ტელეფონზე? არის თუ არა ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია, მიმოწერა, ზარები, აპლიკაციები საქმის მასალებში, რომელსაც თქვენ გაეცანით?

არა, ამგვარი ინფორმაცია საქმის მასალებში არ დევს. მე მოვითხოვე სატელეფონო ანძის ჩანაწერები და ველოდები, რომ გადმომცემენ.

თქვენ ითხოვდით კამერების ჩანაწერებსაც. გადმოგეცათ ეს ჩანაწერები?

არაფერი არ გადმომცემია აბსოლუტურად, არც ერთ შუამდგომლობაზე, რაც დაყენებული მაქვს. [ყველაფერზე] ველოდები პასუხს.

თავიდან ხშირად ახსენებდნენ თამარის მეორე სამსახურს. თუ აქვს რაიმე პროგრესი გამოძიებას ამ მიმართულებით და დადგინდა თუ არა, რომელ კომპანიაზეა საუბარი?

მიმდინარეობს მაგის გამოკვლევა თავიდან ბოლომდე. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთვის რთულია პასუხის გაცემა, ძალიან მოცულობითია საქმის მასალები.

არის თუ არა საქმის მასალებში ინფორმაცია, რომელიც კომპანიის „ზეგ” კუთვნილ კომპიუტერებში ნახეს, ორგანიზაციის თანამშრომლების დაკითხვის ოქმები, სატელეფონო ჩანაწერები?

კომპიუტერებიდან ამოღებული მასალები არ დევს, დაკითხვის ოქმები არის, ტელეფონებიდან ამოღებული ინფორმაცია არ არის.

მიიღეთ თუ არა ბანკის ამონაწერები თამარის ანგარიშებზე არსებული თანხის შესახებ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია მის ანაბარზე არსებული დიდი თანხის შესახებ.

ჯერ არ მიმიღია ეს ინფორმაცია, არც ის ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. არც საქმის მასალებში არ დევს ბანკის ამონაწერები. მე მაქვს შუამდგომლობა ამაზეც დაყენებული და ველოდები.

საზოგადოებას რომ გაუადვილდეს თვალყურის დევნება პროცესზე, კიდევ რა ტიპის ინფორმაციის მიღებაზე გაქვთ შუამდგომლობა დაყენებული? რაც ვიცით, ესაა კამერების ჩანაწერები, ბანკის ამონაწერები, სატელეფონო ანძების ჩანაწერები.

10-ზე მეტი შუამდგომლობა მაქვს დაყენებული. ერთ-ერთია გამოძიების პირველ ეტაპზე დაკითხულ პირთა ჩვენებები და სამძებრო ღონისძიებების ვიდეომასალები. მე მაქვს ეჭვი, რომ პირველ ეტაპზე გამოძიება არ მიმდინარეობდა სათანადოდ, ალბათ ფიქრობდნენ, რომ ახალგაზრდა გოგოა, ვიღაცასთან ერთად წავიდა, გამოჩნდება და ამ ყველაფერს დავადგენ იმ მასალით, რაც მოთხოვნილი მაქვს.

ოჯახი ითხოვს, რომ ქვემო ქართლის სამხარეო დეპარტამენტიდან გამოძიება სამინისტროს გადაეცეს. როგორ გგონიათ, რამდენად მოხერხდება ეს?

ჩვენ ვითხოვთ, რას გადაწყვეტენ, უკვე მათი საქმეა.

დღეს თქვენ თქვით, რომ თამარის ავტომობილი თქვენი თანდასწრებით უნდა გაიხსნას - გარდა ავტომობილისა, რა ტიპის ექსპერტიზების პასუხებს ელოდებით და რა ექსერტიზების ჩატარებას გეგმავთ ამ საქმეზე.

ძალიან ბევრი ექსპერტიზაა დანიშნული: თმის, ნიადაგის, ავტომობილის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა - ნაწილისთვის აღებულია ნიმუშები, ავტომობილის ექსპერტიზას ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის შეიძლება დაინიშნოს.

დროს არ აქვს, მაგალითად, ავტომობილის ექსპერტიზისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა?

რა თქმა უნდა, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იმასაც გააჩნია, გამოძიება რას მიიჩნევს უფრო მნიშვნელოვნად და რას მიაქცევს პირველ რიგში ყურადღებას.

და ბოლოს, რა მოცულობისაა საქმის მასალები, რომელსაც თქვენ გაეცანით?

რამდენიმე ტომია, ასე გამიჭირდება თქმა, მაგრამ 10 ტომამდე მასალაა. ნელ-ნელა ყველაფერს ვეცნობი - მე არ მეძლევა უფლება, თან წამოვიღო ეს მასალები, მხოლოდ პოლიციის სამმართველოში შემიძლია ვიჯდე ოთახში და ისე ვნახო ეს ყველაფერი. როცა უნდათ, კარგად იძლევიან წამოღების უფლებას, ჩემ შემთხვევაში ეს ასე არ არის.

* ინტერვიუს ჩაწერიდან გამოქვეყნებამდე ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის მცდელობაზე დასასწრებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG