Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა აცხადებს, რომ ხელისუფლება აღკვეთს რადიკალიზმის გამოვლინებას


ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები გადავიდნენ „ფერადი რევოლუციიის“ მომდევნო ეტაპზე, „რადიკალიზმზე“, რისკენაც მოქალაქეებს პოლონეთიდან და ლიეტუვიდან მოუწოდებენ.


„რადიკალიზაცია უკვე ხდება. ჩვენ წინაღმდეგ გაშალეს უკვე არა საინფორმაციო, არამედ, გარკვეული მიმართულებით, ტერორისტული ომი. ჩვენ ეს უნდა აღვკვეთოთ“, - განაცხადა ლუკაშენკამ 27 ოქტომბერს გამართულ სამთავრობო სხდომაზე.


სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ლუკაშენკამ მოუწოდა სტუდენტებისა და მოწაფეების მშობლებს, რომ თავიანთი შვილები მოაშორონ ქუჩას, რათა მერე არ იყოს ეს „თქვენთვის მტკივნეული, როდესაც დანარჩენებს კანონის მთელი სიმკაცრით მოვკითხავთ“, - განაცხადა ლუკაშენკამ.


ბელარუსის სამართალდამცველებმა 26 ოქტომბერს, სულ მცირე, 240 დემონსტრანტი დააკავეს, ოპოზიციის ლიდერ სვიატლანა ციხანოუსკაიას მიერ გამოცხადებული „საყოველთაო გაფიცვის“ პირველ დღეს.


ლუკაშენკამ კვლავ ძალის ჩვენება გადაწყვიტა და საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა. წინა დღით პოლიციამ შოკური გამაყრუებელი ჭურვები და რეზინის ტყვიებით გამოიყენა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ მინსკსა და სხვა ქალაქებში, როცა პოლიციამ ასობით პირი დააკავა.


სტუდენტებმა უარი თქვეს ლექციებზე მისვლაზე და პენსიონერების ორშაბათის მსვლელობას შეუერთდნენ. დახურულია ბევრი მაღაზია და კაფე, რომელთა მფლობელებმა დედაქალაქში ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს.



პასუხად, 27 ოქტომბერს, ლუკაშენკამ რექტორებს დაავალა, რომ სასწავლებლიდან დაითხოვონ ყველა, ვინც გაფიცვას შეუე,რთდა.


„ვინც კანონის დარღვევით არასანქცირებულ აქციაზე გავიდა, კარგავს სტუდენტობის უფლებას. გთხოვთ გაუშვით ისინი, როგორც მე ვთქვი, ზოგი არმიაში, ზოგი კი გააგდეთ ქუჩაში. დაე იარონ ქუჩებში. მაგრამ უმაღლესი სასწავლებლიდან უნდა გაირიცხონ. ასევე პედაგოგებიც, ისინი ერთეულები არიან, მაგრამ ამაზრზენად იქცევიან უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა ლუკაშენკამ.


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ საყოველთაო გაფიცვა, რომლის მიზანია ალექსანდრ ლუკაშენკაზე ზეწოლის გაზრდა, რათა გადადგეს, „მხოლოდ ახლა დაიწყო და გაგრძელდება, რათა გაძლიერდეს“. მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ ამაყობს იმ ბელარუსებით, რომლებმაც გაფიცვაში მონაწილეობის ძალა და სიმამაცე გამოიჩინეს.

XS
SM
MD
LG