Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: არჩევნების პროცესი იქნება საკმაოდ უსაფრთხო. უნდა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ მოქალაქეები რეგულაციებს დაიცავენ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ. მისი, სიტყვებით ცესკოს მხრიდან, გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია, რათა დაცული იყოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება.

„რა თქმა უნდა ტრენინგები ჩატარებული აქვთ კომისიის წევრებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა, მოიქცევა ისე და გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს რაც არის, რომ ყველა ვიქნებით პირბადით, ეს არის მთავარი რეკომენდაცია, რომ ყველა ვიყოთ პირბადით და ნუ შევქუჩდებით და დავიცვათ დისტანცია რიგის დროს, არჩევნების პროცესი იქნება საკმაოდ უსაფრთხო. არჩევნები ისეთი რამეა, რომელიც ხდება ოთხ წელიწადში ერთხელ, წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ირჩევა საქართველოს ახალი პარლამენტი, მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.

მისი სიტყვებით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა არჩევნების უსაფრთხოდ ორგანიზებისთვის ცესკოს რეკომენდაციები მიაწოდა. არსებობს პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების საერთაშორისო გამოცდილება და შესაბამისი რეკომენდაციებიც, მათ შორის ეს არის CDC-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ცესკოსთვის მიცემული რჩევებიც გამომუშავებულია საერთაშორისი რეკომენდაციების ფარგლებში.

საქართველოში არჩევნები კორონავირუსის პირობებში 31 ოქტომბერს ტარდება. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მხოლოდ ის ნაწილი შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში იყო რეგისტრირებული და ცესკოს დამატებით სიებში დარეგისტრირდა.

ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1900-ს არ აღემატებოდა. მათ შორის ბოლო დღე-ღამეში 1 731 პირი დაინფიცირდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 33 858 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2197 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 14 829.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 15 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 253 ადამიანი.

XS
SM
MD
LG