ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“, რომელსაც არ აქვს კოვიდკლინიკის სტატუსი და მხოლოდ „ცხელების ცენტრის“ სტატუსი აქვს, კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
კლინიკის ექიმი ნანა სიუკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მამაკაცს COVID-19 24 ოქტომბერს დაუდასტურდა და მას შემდეგ ადმინისტრაცია მის თბილისის რომელიმე კოვიდმიმღებ ცენტრში გადაყვანას ცდილობდა, თუმცა იმის გამო, რომ თბილისის კლინიკებში ადგილები არ იყო, პაციენტს ლაგოდეხში მკურნალობდნენ.
ნანა სიუკაშვილის თქმით, მამაკაცს ორმხრივი მწვავე პნევმონია და გულის იშემიური დაავადება ჰქონდა, თუმცა ის ხელოვნურ ვენტილაციაზე ყოფნას არ საჭიროებდა. კლინიკას ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვს.
„შევეცადეთ თბილისის კოვიდცენტრში გადაყვანას, თუმცა რადგან დაავადებულთა რაოდენობა ბევრია და ადგილები არ იყო, მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა. მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენ უკვე იმ პროტოკოლით ვმუშაობთ, რომლითაც კოვიდკლინიკები. ამ მამაკაცსაც ვმკურნალობდით კომპლექსურად, მაგრამ გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ნანა სიუკაშვილმა.
ეს კახეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. „არქიმედეს კლინიკაში“ ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში მათ კოვიდკლინიკის სტატუსი მიენიჭებათ, მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
რადიო თავისუფლება ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას პასუხის მისაღებად, თუ რატომ ვერ მოხერხდა პაციენტის კოვიდმიმღებ კლინიკაში მოთავსება და რატომ მკურნალობდნენ მას „ცხელების ცენტრში“. *
არსებული რეგულაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ კოვიდმიმღებ კლინიკებში. სექტემბრიდან დაიწყო ასევე უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების კოვიდსასტუმროებში გადაყვანა, მსუბუქი სიმპტომების პაციენტების მართვა ხდება ბინაზეც, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1900-ს არ აღემატებოდა. მათ შორის ბოლო დღე-ღამეში 1 731 პირი დაინფიცირდა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 33 858 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2197 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 14 829.
დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 15 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 253 ადამიანი.
* ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში წერილობით განცხადება გაავრცელა. რომელშიც ნათქვამია, რომ „არქიმედეს კლინიკა“ კოვიდ-19-ის სახელმწიფო მართვაში ჩართული დაწესებულებაა, „რომელიც პასუხისმგებელია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა".
დაწერეთ კომენტარი