Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უდუმაშვილი: 31-ში რუსთაველზე შეკრებას ვგეგმავთ არა 12 საათიდან, არამედ 20 საათიდან


ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი

საარჩევნო სუბიექტის - „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, მტკნარი ტყუილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს 12 საათზე პარლამენტის წინ აქციის გამართვას გეგმავს. ამ საკითხზე იგი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ თბილისის მერიაში წერილი მართლაც შესულია, თუმცა 31-ში შეკრება იგეგმება არა 12 საათიდან, არამედ 20 საათიდან, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ და მისი მიზანი გამარჯვების აღნიშვნაა:

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი, თუ როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და, რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი გამარჯვება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით, მერიაში გაგზავნილ წერილში მითითებული 12 საათი ტექნიკური პერსონალისთვის ჩაიწერა:

„12 საათზე რუსთაველის გამზირზე მიდის ჩვეულებრივად ტექნიკური პერსონალი, რომელმაც იქ უნდა ააწყოს სცენა და მოემზადოს საღამოს 8 საათისთვის, ამას სჭირდება დაახლოებით 6-7 საათი და ამიტომ არის საჭირო მითითებული 12 საათი ამ განაცხადში“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს 12 საათიდან „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის შენობის წინ თავისი აქტივისტების შეკრებას და მრავალათასიანი აქციის გამართვას აპირებს, რითაც არეულობის შექმნას და სიტუაციის რადიკალიზაციას ცდილობს. როგორც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თბილისის მერიაში აქციის თაობაზე წერილია შესული.

მოგვიანებით "ნაციონალური მოძრაობის" წერილი მერიამ გაასაჯაროვა:

„შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინასწარი გაფრთხილების მიზნებისათვის გაცნობებთ, რომ საარჩევნო ბლოკი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 2020 წლის 31 ოქტომბერს, შაბათს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს მშვიდობიან საჯარო შეკრებას, რამაც მონაწილეთა შესაძლო მნიშვნელოვანი რაოდენობის ზრდის გამო მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხალხისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის შეფერხება-შეჩერებას.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ორგანიზატორების მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები, მათ შორის პირბადეებით უზრუნველყოფა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება", - აღნიშნულია წერილში, რომლის თანახმადაც აქციის დაწყებისა და დასრულების დრო 2020 წლის 31 ოქტომბრის 12 საათიდან 24 საათამდეა, ხოლო შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა მრავალათასიანი შეკრება.

"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" ხალხმრავალი აქციის გამართვას თბილისში, თავისუფლების მოედანზე, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 29 ოქტომბერს, 18 საათზე გეგმავს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG