30 ოქტომბრიდან საფრანგეთი სრული თვითიზოლაციის რეჟიმს დაუბრუნდება. მასობრივი ღონისძიებები გაუქმდება, თავშეყრის ადგილები - რესტორნები და ბარები - დაიხურება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ერისადმი მიმართვაში.
უცხოეთიდან ქვეყანაში შემავალთ დაავალდებულებენ, კორონავირუსის ტესტირება გაიარონ. სახლის მახლობელი რეგიონის დატოვება აიკრძალება. სახლიდან გასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამსახურში, ექიმთან, სურსათის საყიდლად წასასვლელად და მოკლე გასეირნებისთვის.
ამკრძალავი ზომები მინიმუმ 2 დეკემბრამდე გაგრძელდება, მაგრამ მთავრობა აპირებს, ორ კვირაში ერთხელ გადახედოს და საჭიროების შემთხვევაში შეამსუბუქოს ან გაამკაცროს ისინი.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა განაგრძობს ზრდას დღეში საშუალოდ 450 ათასით და 45 მილიონს უახლოვდება. პანდემიის დაწყებიდან გარდაიცვალა მილიონ 171 ათასი ადამიანი, თითქმის 32,5 გამოჯანმრთელდა. სამშაბათს ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია მთელი პანდემიის პერიოდისთვის.