Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო „ბოლომდე გასვლით" დაიმუქრა, თუ კვლავ გაგრძელდება სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მორიგი მკაცრი განცხადება გააკეთა მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით.
1 ნოემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის დროს ილჰამ ალიევმა კვლავ მოუწოდა სომხეთს, რომ დატოვოს მთიანი ყარაბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ხოლო თუ მოლაპარაკება მიზანს ვერ მიაღწევს, ალიევმა დაიმუქრა, რომ აზერბაიჯანის არმია „ბოლომდე გავა“.

ამ განცხადების ფონია მორიგი ურთიერთბრალდებები მთიან ყარაბაღში მიმდინარე ბრძოლების შესახებ.

31 ოქტომბერს ჟენევაში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის შიგნით და მის გარშემო მდებარე დასახლებული პუნქტების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვაში.


სომხეთის ერთიანი საინფორმაციო ცენტრის თანახმად, აზერბაიჯანის არმია ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი „სმერჩისა“ და „გრადის“ რეაქტიული დანადგარებიდან ცეცხლს უშენდა მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშას, სადაც ჭურვებმა დააზიანა სპარსული მეჩეთი „გოარ აგა“.


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეიჰუნ ბაირამოვმა 1 ნოემბერს თავის თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სომხეთი კვლავ აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილებაა, მაგრამ მას აკონტროლებენ სომხური ძალები, რომლებიც იქ უმრავლესობას წარმოადგენენ. სეპარატისტულმა ძალებმა სომხეთის დახმარებით აზერბაიჯანის არმიასთან 1990-იანი წლების ომის შემდეგ, კონტროლი დააწესეს საკუთრივ რეგიონზე და მიმდებარე მიწებზე.

27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო მოქმედებების განმავლობაში ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ორჯერ რუსეთის და ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შედეგი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG