საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლები ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში, რომელშიც ოპოზიციური პარტიების და ბლოკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სანკიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს სააკაშვილის გარდა არავის ეშინია და ამიტომ, ის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს. გუბაზ სანიკიძე დაინტერესდა, რას ეუბნება ოპოზიცია ხალხს, რომელსაც „აღმა-დაღმა დაატარებს“ და რას შესთავაზებს კვირას დაგეგმილ აქციაზე.
ნიკა მელიამ გუბაზ სანიკიძე დაადანაშაულა ოპოზიციურ ერთობაში ხინჯის შეტანასა და პროვოკაციაში: „ბიძინას თამაშს თამაშობ შენ, უნამუსო შენა! ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა პირველ რიგში ეს უნდა იცოდე“, - ამ სიტყვებით მიმართა მელიამ სანიკიძეს.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ნიკა მელიამ და გუბაზ სანიკიძემ სტუდია დატოვეს. ვრცელდებოდა ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები, რომ სტუდიის მიღმა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, საარჩევნო ბლოკს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ პროპორციული სისტემით 35 დეპუტატი უნდა ჰყავდეს, მათ შორის ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე.
ეს ბლოკი და კიდევ 7 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტი, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.