Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყეშიც უნდა ვატაროთ პირბადე? - ღია სივრცეში პირბადის ტარების წესს ხარვეზები აქვს


3 ნოემბერს მთავრობამ დადგენილებაში, რომელიც განსაზღვრავს პირბადის ტარების წესს, შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას და მოძრაობისას.

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გამოაცხადა, რომ ის, ვინც ღია სივრცეში პირბადის ტარების წესს დაარღვევს, ისევე დაისჯება, როგორც ის, ვინც იმავე წესს არღვევს დახურულ სივრცეში: „20 ლარი, ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის დახურულ სივრცეში, სადაც პირბადის ტარება სავალდებულოა. ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებში“, - თქვა მან.

თუმცა, ამავე დადგენილებით, დახურულ სივრცეში დასაშვებია პირბადის გარეშე ყოფნა, თუკი ადამიანებს შორის დაცულია 2-მეტრიანი დისტანცია.

იურისტები ამბობენ, რომ მთავრობის ახალი გადაწყვეტილება შეუსაბამოა კონსტიტუციასთან და, ამავე დროს, არარაციონალურია, იმდენად გაუმართავია, რომ სახელმწიფოს, ფაქტობრივად, არა აქვს არც დასჯის და, შესაბამისად, არც აღსრულების მექანიზმები.

იურისტი - ნიკა სიმონიშვილი
იურისტი - ნიკა სიმონიშვილი

„ცვლილება უნდა შეეტანათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და პირბადის ღია სივრცეში ტარებაზე ცალკე უნდა ყოფილიყო დადგენილება გამოსული, მათ კი ცვლილება შეიტანეს იქ, სადაც საუბარია მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის ტარებაზე, რაც სამართლებრივი შეცდომაცაა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საია-ს იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა.

პირბადის გამოუყენებლობაზე სანქციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აწესრიგებს. კოდექსის 42-ე მუხლში მითითებულია, რა შემთხვევაში რა ფულადი სანქცია მოქმედებს, თუმცა ეს ეხება მხოლოდ დახურულ სივრცეს და არაფერია ნათქვამი ღია სივრცეში პირბადის ტარების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე მოქალაქეებს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აძლევენ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს გაატარებენ.

„ჯარიმას ვერ დაწერენ, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, რომ საუბარია დახურულ სივრცეში პირბადის ტარებაზე”, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი და განაგრძობს: „გასაგებია, რომ ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარების ვალდებულება გაჩნდეს, მაგრამ რატომ მთხოვ პირბადის ტარებას იქ, სადაც ხალხი საერთოდ არ არის?! ასეთ საკითხებზე ნამსჯელი აქვთ საფრანგეთის სასამართლოებსაც და არავითარ მიზანს არ ემსახურება ყველგან პირბადის ტარება. კონსტიტუციურობის საზღვრებს გასცდა ამით მთავრობა“.

მთავრობის გადაწყვეტილებაში კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნების შეუსაბამობას ხედავენ ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტშიც და განცხადებით ეხმიანებიან.

„საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გაზარდა საკუთარი უფლებამოსილება და უხეშად შეიჭრა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ექსკლუზიურ კომპეტენციაში.

ამგვარი ქმედება ამკვიდრებს დემოკრატიული მმართველობისთვის საფრთხის შემცველ პრეცედენტს და არღვევს, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს“.

სად და რა შემთხვევაში ვატარებთ პირბადეს ღია სივრცეში? მაგალითად, სავალდებულოა თუ არა პირბადის ტარება პარკში ან ტყეში? თუ ქუჩაში არავინაა, პირბადე მაინც უნდა გვეკეთოს? ეხება იგივე წესი სოფელს, სადაც კარის მეზობელიც კი შეიძლება ას მეტრში ცხოვრობდეს? თუ ჩავთვალეთ, რომ ბუნებაში პირბადის გარეშე სეირნობა შეიძლება, იმიტომ რომ საფრთხეს არ ვქმნით, შეიძლება თუ არა ამის გამო დაგვაჯარიმონ? - მთავრობის ადმინისტრაციიდან ამ საკითხების განმარტებას რადიო თავისუფლება, მეორე დღეა, ელოდება.



  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG