ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აქციები კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკს შეიცავს, მაგრამ რადგან პოლიტიკურ პროცესს ვერ შევაჩერებთ, საჭიროა დაწესებული რეგულაციების სათანადოდ დაცვა:
"კარგი იქნებოდა, ქვეყანაში ყოფილიყო სიმშვიდე და არ ყოფილიყო აქციების საჭიროება, მაგრამ რადგან არის გარკვეული ნაწილის მოსახლეობის სოციალური დაკვეთა, რომ აქციები უნდა ჩატარდეს, პოლიტიკურ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით. დაიცვან ელემენტარული რეგულაციები - ვინ დამარწმუნებს მე, რომ იგივე აქციაზე ყველამ რომ გაიკეთოს ნიღაბი, ამით შესუსტდება პროტესტის გამოხატვის ფორმა, ან ნაკლებად დამაჯერებელი იქნება თავისი ამომრჩევლისთვის, ან ნაკლებ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე?“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარში. მისი თქმით, ხალხმრავლობის გამო აქციებზე სოციალური დისტანციის დაცვა რთულია, ნიღბის ტარებას კი წინ არაფერი უდგას.
ბოლო დღე-ღამეში 2,7 ათასს გადააჭარბა კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ, საერთო მაჩვენებელმა კი 52 ათასამდე მიაღწია. ქვეყანაში უკვე 423 გარდაცვლილია. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ და განმეორებით არჩევნებს ითხოვენ. ორ დღეში პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციაა დაანონსებული.
ხელისუფლებას აქციების გამართვა შეზღუდული არ აქვს, თუმცა ლაპარაკობენ შეკრებების დროს ინფიცირების რისკებზე.