Accessibility links

„ვოლტის“კურიერი სამსახურში დაბრუნდა და ისევ გაუშვეს


მასლა განახლებულია

მიტანის სერვისის - „ვოლტის“ კურიერი სამსახურში 7 ნოემბერს დაბრუნდა და იმავე დღეს გაუუქმდა კონტრაქტი. ოთო გიორგაძეს ეცვა სვიტერი, რომელზეც ეწერა - „სხვათაშორის ძალიან კარგად გამოიყურებით“ - ფრაზა, რომელიც მანამდე, სამსახურიდან მისი 10 დღით დათხოვნის მიზეზი გახდა.

ფეისბუკზე კურიერსა და მომხმარებელ ქალს შორის მიმოწერის სკრინშოტის გავრცელებას დიდი დისკუსია მოჰყვა. ქალი რადიო თავისუფლებასთან ამბობდა, რომ მისი კონფიდენციალობის დარღვევით, კურიერისგან მიღებული შეტყობინება - „სხვათაშორის ძალიან ლამაზად გამოიყურებით“ - ჯანსაღი კომპლიმენტი არ ყოფილა.

ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილი აკრიტიკებდა „ვოლტს“ მისი მომხმარებლების უფლებების დარღვევისთვის და კურიერის გათავისუფლებას მოითხოვდა. ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ კურიერმა ქალს უწყინარი კომპლიმენტი უთხრა და ამისთვის ის სამსახურიდან არ უნდა დაეთხოვათ.

„ვოლტმა“, მომხმარებელთა ნაწილის თხოვნის გათვალისწინებით, ოთო გიორგაძე მხოლოდ დროებით, 10 დღით დაბლოკა მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გამოყენების წესის „მკაცრი დარღვევისთვის“.

ამის შემდეგ გიორგაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ბოდიში მოიხადა მომხმარებლის პირადი ნომრის გამოყენებისთვის. ბოლოს კი მომხმარებლებს ურჩია, როცა კურიერი მოდის, „ხალათი მაინც მოიცვითო“.

გახდა თუ არა წარწერიანი სვიტერი ოთო გიორგაძისთვის კონტრაქტის საბოლოოდ გაწყვეტის მიზეზი?

"ვოლტის" გენერალურმა მენეჯერმა, ნატალია ხიზანიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი იყო არა უშუალოდ სვიტერზე გაკეთებული წარწერა, არამედ თავად ოთო გიორგაძის დამოკიდებულება მომხდარი ფაქტის მიმართ - კომპანიისთვის აშკარა გახდა, რომ 10 დღის წინ მომხდარს კურიერი არ ნანობდა.

„ჩვენთვის მომხმარებლის პირადი მონაცემები არის უმნიშვნელოვანესი. ეს რეგულირდება, როგორც კანონმდებლობით, ასევე ჩვენი შინაგანაწესით და ხელშეკრულებით, რაც ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს გაფორმებული.

პარტნიორ კურიერს ჩვენ მანამდე მივეცით ერთი შანსი, რომ შეცდომა გაეთავისებინა და გაეგრძელებინა ჩვენთან პარტნიორობა. თუმცა სოციალურ ქსელში საკითხის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულებით და იმის განცხადებით, რომ თითქოს ჩვენ მას 10-დღიანი შვებულება მივეცით (რაც სიმართლეს არ შეესაბამება) - ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ ის არ აღიარებს თავის დანაშაულს.

ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო მესიჯი, რომ შესაძლოა, იგივე ქმედება მას კიდევ გაემეორებინა - ეს კი მიუღებელია ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის. მას პირადადაც ვესაუბრე და დავრწმუნდი, რომ ბოლომდე, სრული სერიოზულობით ვერ აღიქვამს პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობას. მოგვიხდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რაც ადამიანურად ნამდვილად გულდასაწყვეტია. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი" - გვითხრა ნატალია ხიზანიშვილმა.

რაც შეეხება ოთო გიორგაძის წარწერიან სვიტერს, "ვოლტის" გენერალური მენეჯერი თვლის, რომ სვიტერიც და წარწერაც მფლობელის საქმეა იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის კომპანიის სახელით მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG