Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე "ქართულ ოცნებას" - ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადამიანობა


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ფსკერსა" და "ამორალურობას" უწოდებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალება სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება.

„რა გჭირთ, ხალხო, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული მორალი; ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადამიანობა, რომ დღეს, ამ სიტუაციაში კვლავ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციებზე არ ისაუბროთ... საქართველოს 1/3 მოსახლეობის ხმების გაყალბების შემდეგ, გყოფნით კიდევ იმის თავხედობა, რომ გამოდიხართ და ადამიანის სიცოცხლით მანიპულაციას აკეთებთ.

ეს არის წარმოუდგენელი ამორალურობა, ეს არის წარმოუდგენელი არაადამიანობა... ეს არის ყველაზე დიდი არაადამიანობა და ფსკერი, რომელიც თქვენ გახასიათებთ... ეს არის ის, რითიც თქვენ დაამახსოვრეთ თავი ჩვენს მოსახლეობას - 2012 წელს „ქართული ოცნების“ აქტივისტები და პოლიტიკური ლიდერები და ყვიროდნენ და რაფალიანცის მკვლელობას აბრალებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ისნის ოლქში, ხატია დეკანოიძემ.

"ქართული ოცნება" ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხელაშვილმა, გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილი საოლქო კომისიების იმ თავმჯდომარეებს შორის იყო, რომლებსაც ენმ-ის აქტივისტები რეპრესიებით ემუქრებოდნენ.

"ჩვენი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები გუშინ, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ასეთი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს - დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით", - განაცხადა ხელაშვილმა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რა გზასაც უნდა მიმართოს ხელისუფლებამ, ხელახალი არჩევნები მაინც გაიმართება და საპროტესტო ტალღას ვერც გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები შეაჩერებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში.

XS
SM
MD
LG