Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ტრამპის მომხრეებს მიმართავს: ჩვენ მტრები არა ვართ. მივცეთ ერთმანეთს შანსი


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამარჯვების აღსანიშნავი სიტყვა წარმოთქვა თავის მშობლიურ ქალაქ უილმინგტონში, დელავერის შტატში. „ვფიცავ, ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც დაყოფას კი არა, გაერთიანებას ეცდება. რომელიც ლურჯ და წითელ შტატებს კი არა, შეერთებულ შტატებს ხედავს“, - თქვა ბაიდენმა.

არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსაც მიმართა და უთხრა, რომ ესმის მათი იმედგაცრუების. თავადაც დავმარცხებულვარ რამდენიმე არჩევნებშიო, - თქვა ბაიდენმა და დასძინა - მოდი, ერთმანეთს შანსი მივცეთ, ერთმანეთი დავინახოთ და ერთმანეთს მოვუსმინოთო. „ჩვენ მტრები არა ვართ. ჩვენ ამერიკელები ვართ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამ საპრეზიდენტო კამპანიის ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ბაიდენამდე სიტყვით გამოვიდა არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველი ქალი, პირველი შავკანიანი და პირველი სამხრეთაზიელი იქნება.

კამალა ჰარისმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა სარეკორდო აქტიურობისთვის და განაცხადა: „შესაძლოა მე პირველი ქალი ვიყო ამ თანამდებობაზე, მაგრამ უკანასკნელი არ ვიქნები. იმიტომ, რომ ყოველი პატარა გოგონა, რომელიც ამაღამ გვიყურებს, დაინახავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა“.

ბაიდენის, როგორც აშშ-ის 46 პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება. იმ დროისთვის ის უკვე 78 იქნება.

ტრამპი უარსაა აღიაროს მარცხი და აცხადებს, რომ „უბრალო ფაქტია, რომ არჩევნები კარგა ხანს არ დასრულდება“, თქვა მან. „ორშაბათიდან ჩვენი შტაბი აპირებს, თვალი მიადევნოს სასამართლოში ჩვენი საქმის განხილვას, რათა გარანტია გვქონდეს, რომ საარჩევნო კანონები ზუსტად იყო დაცული, და რომ სამართლიანი გამარჯვებულია გამოცხადებული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG