Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ნატროშვილი: ხელისუფლებამ უნდა გადადგას კომპრომისული ნაბიჯი დიალოგისკენ


ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერის ლევან ნატროშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად ყველაზე მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელშიც ყველა პარტია იქნება ჩართული. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლევან ნატროშვილმა განაცხადა, რომ დიალოგის მიმართულებით კომპრომისული ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას. მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს ერთმანეთის მიმართ ნდობა დაკარგული აქვთ, საჭიროა, დიალოგის პროცესში ფასილიტატორები ჩაერთონ:

„თუ ერთმანეთის მიმართ ნდობა არა აქვთ პოლიტიკოსებს, აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები, სამოქალაქო ჯგუფები, საერთაშორისო აქტორები იყვნენ ჩართულები ფასლიტატორებად, ასე ვთქვათ, რათა რაღაც გამოსავალი ვნახოთ, იმიტომ რომ ასე არ შეიძლება, რომ პარლამენტი იყოს მხოლოდ რაღაც ნაწილი ადამიანების და საზოგადოების მეორე ნაწილი არ აღიარებდეს პარლამენტის ლეგიტიმურობას“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა. მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოებაში კომპრომისი ჩამოყალიბდეს, რათა გამოინახოს არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის პრობლემის მოგვარების გზები:

„ეს იქნება გადათვლა იმ პრობლემური უბნებისა, რაღაცა სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით, კომისია შეიქმნება დროებით, თუ რა იქნება, ეს არის მოლაპარაკების საგანი“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლევან ნატროშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, დაიწყონ მოლაპარაკება კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

8 ნოემბერს, სამართალდამცავებმა ცესკოსთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. „ქართული ოცნება“ გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან.

XS
SM
MD
LG