Accessibility links

logo-print logo-print

კალაძის თქმით, ცესკოსთან აქციაში ოპოზიციის მხოლოდ რადიკალური ნაწილი მონაწილეობდა


კახა კალაძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 8 ნოემბერს გამართულ აქციაში ოპოზიციიის მხოლოდ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ეს ის ნაწილია, რომელსაც სიტუაციის ესკალაცია სურს. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს აქციაში:

„დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ბოლომდე შეინარჩუნეს პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმა და არ მიიღეს მონაწილეობა ცესკოზე მიტანილ ძალადობრივ შტურმში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მან მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აჰყვებიან, მისი თქმით, რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის.

"დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

8 ნოემბერს, სამართალდამცავებმა ცესკოსთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეთა მიმართ შსს-ს ქმედება - წყლის ჭავლის გაფრთხილების გარეშე გამოყენება და არათანაზომიერი ძალა - გააკრიტიკა არაერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG