ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer Inc-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა 12 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში დაიწყება.
ამის შესახებ იუწყება ამერიკული ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“, რომლის თანახმად ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფო ამ კვირაში დაიწყებს 16-17 წლის მოზარდების ვაქცინაციას, მოგვიანებით კი აცრა ჩაუტარდებათ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer Inc-მა შეიმუშავა ორი ვაქცინა, რომლის გამოცდასაც აწარმოებს გერმანულ კომპანია Bio-Tech-თან ერთად.
მარეგულირებელი კომპანიების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, კომპანია 2020 წლისათვის იმედოვნებს 100 მილიონი, ხოლო 2021 წელს - 1,3 მილიარდი დოზის შექმნას.
სააგენტო "როიტერსის" თანახმად, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მიესალმა Pfizer Inc-ის მიერ COVID-19-ის ექსპერიმენტული ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ცნობას. ამასთან, ბაიდენმა გააფრთხილა ამერიკელი მოქალაქეები, რომ კვლავაც ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რადგან ვაქცინის ფართო დანერგვას თვეები დასჭირდება.
„დღევანდელი შესანიშნავი ამბავი მომავალ წელს ვითარების შეცვლის შესაძლებლობას გვპირდება, მაგრამ ჩვენ წინაშე მდგარი დღევანდელი ამოცანები უცვლელია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 50,5 მილიონს აჭარბებს. პანდემიამ იმსხვერპლა 1,2 მილიონ ადამიანზე მეტი.