Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მხარემ აღიარა კონტროლის დაკარგვა ქალაქ შუშაზე 


სომხური ეკლესია შუშაში
სომხური ეკლესია შუშაში

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია აღარ აკონტროლებს საკვანძო ქალაქ შუშას, ხოლო აზერბაიჯანის არმია სტეფანაკერტის მისადგომებთან იმყოფება, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება სეპარატისტული ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანზე, ვაგრამ პოღოსიანზე, დაყრდნობით.


„სამწუხაროდ, წარუმატებლობათა ჯაჭვი გრძელდება და ქალაქი შუშა სრულიად გავიდა ჩვენი კონტროლიდან. მტერი სტეფანაკერტის მისადგომებთან იმყოფება და საფრთხე უკვე მის არსებობას ემუქრება“, - დაწერა პოღოსიანმა თავის ფეისბუკის გვერდზე.

ორშაბათს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აღმართავენ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სახელმწიფო დროშას ქალაქ შუშის ადმინისტრაციული შენობის სახურავზე და უპატაკებენ აზერბაიჯანის ლიდერს: „შუშა აზერბაიჯანია. ყარაბაღი აზერბაიჯანია“.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები.
აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG