Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი "ვერცხლით" და "ბრინჯაოებით" გახსნეს


ხორვატიის ქალაქ პორეჩში 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, მამაკაცთა შორის შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების ცხრაკაციანი შემადგენლობიდან კი ოთხი ძიუდოისტი გავიდა ტატამზე და მათგან სამმა მოიპოვა მედალი.

ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად თემურ ნოზაძემ იჭიდავა - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალამდე მივიდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ამავე წონაში ჩაება ევროკონკურენციაში ჯაბა პაპინაშვილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პაპინაშვილი ნახევარფინალში და ნოზაძე ფინალში ერთსა და იმავე მეტოქესთან - რუსეთის ნაკრების წევრ კონსტანტინ სიმეონიდისთან დამარცხდნენ.

დღესვე იჭიდავეს ბაგრატ ნინიაშვილმა და გიორგი თუთაშვილმაც (ორივემ 66 კილოგრამში). ნინიაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, თუთაშვილი კი შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. 73 კილოგრამში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.

10 ნოემბერს მედლები გათამაშდება 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ქართველთაგან კი ტატამზე გავლენ: ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი (ორივე 81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ).

XS
SM
MD
LG