Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღების ალტერნატივა - მშობლები გამოსავალს ეძებენ


5 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში საჯარო ბაღები დაიკეტა, დღეიდან კი მათ კერძო ბაღებიც დაემატა, თუმცა არა ყველა.

„სანამ დაგვაჯარიმებენ, ვიმუშავებთ. ბაღი ჯერ კიდევ წინა დახურვის გამო მიყენებული ზარალიდან ვერ გამოსულა. უსაფრთხოების წესებს ვიცავთ და მშობლებსაც სიხარულით დაჰყავთ შვილები”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ბაღის მფლობელმა.

კიდევ ერთი ფორმალურად დახურული ბაღის მფლობელმა კი სხვა შენობა იქირავა და ბავშვებს ახალ მისამართზე ელოდება. მშობლებს, როგორც თავად ამბობენ, სხვა გამოსავალი არ აქვთ.

დამყავს ჩემი 4 წლის შვილი, რადგან ეს ჩემთვის არის გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან - მარტო მე ვმუშაობ ოჯახიდან და სახლში ვერ დავჯდები, - უთხრა მშობელმა რადიო თავისუფლებას.

თეონა სუმბათაშვილს ორი შვილი ჰყავს. უმცროსი საჯარო საბავშვო ბაღში დაჰყავდა, ახლა სამსახურში დადის მასთან ერთად. პანდემიით გამოწვეულმა ბაღების დაკეტვამ მას კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა:

საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რადგან დამტოვებელი არავინ მყავს, მეუღლეც მუშაობს. თუ ისეთი სიტუაციაა, რომ პატარა სამსახურში ვერ მიმყავს, ცხრა წლის ბიჭს ვუტოვებ 3 წლის ბავშვს და ვარ ტელეფონზე ჩამოკიდებული. უფროსი ნაადრევად გაზარდა ამ პანდემიამ, მარტო რჩება და მეცადინეობს, - ეუბნება თეონა რადიო თავისუფლებას.

ის მაღაზიის მენეჯერად მუშაობს. ამბობს, რომ თან სამსახური, თან პატარისთვის ყურადღების დათმობა სამუშაო გარემოში რთულია.

არადა, რომ არ ვიმუშაოთ, ისიც არ გამოდის. ძიძის აყვანაზეც მიფიქრია, მაგრამ მაშინ ხელფასის 2/3 ძიძას უნდა გადავუხადო. ბავშვის თან წაყვანის დროს უხერხული სიტუაციაც შემქმნია. წარმოიდგინეთ, უფროსთან ერთად თათბირზე ხარ კაბინეტში და ჩემი პატარა შემორბის და ბოლო ხმაზე მღერის. ვეხვეწები, რომ გავიდეს და ის უფრო უმატებს ხმას - აი, ასეთი სამუშაო დღეც მქონია. კიდევ კარგი, კარგი უფროსი მყავს და ძალიან შეგნებულად ეკიდება ამ საკითხს.

ამასთან ერთად, ყველგან მესმის კორონავირუსი, მშობლების პანიკური მესიჯები, რომ კოსმონავტის გული მაქვს, როგორ ვრისკავ და ვუშვებ ბაღში.

მჯერა კორონავირუსით შექმნილი რთული ვითარების, მაგრამ ვცდილობ ცივი გონებით მივუდგე ამ საკითხს - ეს ვირუსი გაქრობას არ აპირებს, ყველანაირი წესის დაცვას ვცდილობ, მაგრამ ვერც ამ სამყაროს მოვწყდები და ვერც პანიკაში ჩავვარდები“, - ამბობს თეონა სუმბათაშვილი.

მაკამ სამსახური თან იძულებით, თან თავისი „ნება-სურვილით“ დატოვა. თავიდან დედა ეხმარებოდა, შემდეგ ბაღის იმედი ჰქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ისიც დაიკეტა:

მნიშვნელოვანი იყო ჩემი სამსახური ძალიან, თუმცაღა პირველ ადგილზე დგას ჩემი შვილები. უფროს გოგოს შევამჩნიე, რომ სწავლას შეეშვა და ცუღლუტობდა. მე გვიან მოვდიოდი და ვინაიდან დისტანციურად სრულფასოვნად არ ხდება გამოკითხვა რეალურად, სწავლისადმი ზერელე დამოკიდებულება გაუჩნდა. პატარა ერთი წლის რომ გახდა, კერძო ბაღში მინდოდა შემეყვანა, მაგრამ დაიკეტა.

დედას თავისი ოჯახი აქვს, სოფელი და მეურნეობა. ვეღარ დავაკავებდი აქ დიდი ხნით. სამსახურს ვთხოვე ნახევარ განაკვეთზე ან დისტანციურზე გადაყვანა, რაზეც უარი მივიღე. იძულებული გავხდი, დამეწერა განცხადება და წამოვსულიყავი“.

თამუნა მაკარიძე თერჯოლაში ცხოვრობს. საჯარო ბაღის დახურვის შემდეგ მასაც, როგორც არაერთ მშობელს, მოუწია ახალ რეალობას მორგებოდა. ის და მისი მეუღლე ბავშვების მოვლასა და თავ-თავიანთ სამსახურში მათ ტარებაში ერთმანეთს ენაცვლებიან.

შედარებით გამიმართლა, რადგან დისტანციურზე ვიყავით სამსახურშიც და ახლა უფროსი ხელს მიწყობს, როცა შეუძლია - სახლიდან ვმუშაობ. მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც სახლიდან არ მიხერხდება და მიწევს ხოლმე წაყვანა. თან 2 მყავს. როდესაც ეპიდემიაა და მშობელი მუშაობს, სისულელეა ბაღების დაკეტვა. როდესაც დამყავს სამსახურში, ან მე დავდივარ და უკან ვბრუნდები ბავშვებთან, დაცულად მაინც არ არიან.

ხალხის დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. არ სჯეროდათ კორონასი და ძალიან ცუდი სიტუაციაა ახლა ჩვენთან“, - ამბობს თამუნა.

ზოგის გამოსავალი სამსახურიდან წამოსვლაა, ზოგიც კერძო ძიძას ან „ფარულ” ბაღებს ეძებს იმისთვის, რომ რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან ერთად შეძლონ იმ ეკონომიკური პრობლემების გადალახვა, რომლებიც პანდემიამ მოიტანა. მხოლოდ თბილისში, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 180-მდე საჯარო ბაღი დაიხურა.

შენიშვნა: ზოგიერთი რესპონდენტის სახელი შეცვლილია, რადგან არ ისურვეს თავიანთი ვინაობის გამჟღავნება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG