Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო


საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. როგორც სამინისტრო იტყობინება, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.

მაიკ პომპეომ ვიზიტის შესახებ ბრიფინგზე ილაპარაკა. ის ამბობს, რომ გეგმავს ვიზიტებს საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში. პომპეოს თქმით, საკითხები ამ ქვეყნებში ცხადია, განსხვავებული იქნება, „ჩვენ უნდა მოვიცვათ ბევრი თემა".

როგორც საგარეო უწყება აცხადებს, საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და საქართველო-აშშ-ს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG