Accessibility links

logo-print logo-print

სალომე სამადაშვილი: „ქართული ოცნება“ გარკვეულწილად კუთხეშია მიმწყვდეული


სალომე სამადაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებულ დიალოგში მხარეების პოზიციები ამ ეტაპზე ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულია, თუმცა ამოცანა პოზიციების დაახლოვება და საერთო ნიშნულამდე მისვლაა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ მართალია ხელისუფლებას თავისი „აღჭურვილობა“ აქვს, მაგრამ ოპოზიციის მხარესაც მძლავრი ბერკეტებია:

"აქ ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" რეალურად გარკვეულწილად კუთხეში არის მიმწყვდეული, თვითონ მიიმწყვდია თავის თავი, ცხადია, იმიტომ რომ შეეძლო რომ სხვანაირად წარემართა საარჩევნო პროცესი. ამიტომ ეს მათი არჩევანია. საკუთარ თავს დააწიეს ეს ამბავი მაგრამ ახლა ამ კუთხიდან რომ უნდა გამოვიდნენ, ისინიც ხვდებიან.

ამიტომ ის, რომ არსებობს მოტივაცია ორივე მხრიდან იმისთვის, რომ მოიძებნოს გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ ეს დღეს არის მოცემულობა. ვნახოთ შემდეგ ეს უკვე როგორ განვითარდება“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მოძებნა „ქართული ოცნების“ ინტერესებშია და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მოთხოვნები ძალიან შორს დგას „ქართული ოცნების“ პოზიციისგან, დაახლოების სივრცე არსებობს:

„დრო არის ცოტა, ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ პროცესი უნდა წინ წავიდეს. ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო როგორ აპირებს "ქართული ოცნება" გააგრძელოს ფაქტიურად უკონკურენტო გარემოში მეორე ტურები და შემდეგ შეკრიბოს პარლამენტი, რომელშიც არ ეყოლება საერთოდ ოპოზიცია. ეს არის ძალიან რთული სცენარი, ამიტომ მათ ინტერესებშია რომ მოიძებნოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა "დილის საუბრებში".

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. დიალოგი რამდენიმე საათს გაგრძელდა და მას ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით მოითხოვს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

12 ნოემბერს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის მეორე რაუნდის უახლოეს დღეებში ჩატარების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG