Accessibility links

site logo site logo

„მოინდომეთ და მოგეცემათ“ — მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე


„უკაცრავად, სად მპატიჟებთ ზუსტად? მოინდომეთ და მოგეცემათ“, - ასე პასუხობს უკრაინაში მოღვაწე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეკითხვას, თუ რატომ არ ბრუნდება საქართველოში.

სააკაშვილმა, რომელმაც საქართველო 2013 წელს დატოვა და რომელსაც რამდენიმე საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა, სამშობლოში დაბრუნების შესახებ არაერთხელ ისაუბრა ფეისბუკ ლაივში.

„მე შემიძლია ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება... ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია. რა გინდათ?! კი ბატონო, ჩამოვალ, გავწირავ თავს, ოქეი. ხელი თუ არ გავანძრიეთ ყველამ...“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ენატრება ქართული მიწა. მისი მტკიცებით, ფრაზა „არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლოზუნგია.

სააკაშვილი მადლობას უხდის ადამიანებს, რომელთაც თბილისისა და ბათუმის აქციებზე ეკავათ ფურცლები წარწერებით - „მიშა ჩამოდი“, „ვითხოვ მიშას“. ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა მისი საკითხის განხილვის დრო არ არის.

„მერე არ ათქმევინოთ ხალხს მზამზარეულზე ჩამოვიდაო“, - კითხულობს მიხეილ სააკაშვილი კომენტარს საკუთარი ფეისბუკ ლაივის ქვეშ და პასუხობს: „რა მზამზარეულზე? თანამდებობას გთხოვთ? კაბინეტები მინდა? ჩემ ვენახში მინდა დაბრუნება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG