Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ავღანეთიდან და ერაყიდან ჯარის ნაჩქარევად გამოყვანის გამო გაფრთხილებას გამოთქვამს


აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მეკკონელმა გამოთქვა გაფრთხილება ავღანეთსა და ერაყში ჯარების ნაჩქარევი შემცირების თაობაზე. მაკკონელის გაფრთხილება მოჰყვა მედიის მიერ 16 ნოემბერს გავრცელებულ ცნობას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გეგმავს ახლო მომავალში ამ ორ ქვეყანაში ჯარების შემცირების შესახებ განცხადების გაკეთებას.

სენატის მთავარმა რესპუბლიკელმა, მაკკონელმა თქვა, რომ ჯარების ამგვარი შემცირება ექსტრემისტების პროპაგანდისტული გამარჯვება და პარტნიორებზე უარის თქმა იქნებოდა. სენატორის თანახმად, ეს ალ-ყაიდას დიდ პროპაგანდისტულ გამარჯვებას მოაპოვებინებდა და შეუქმნიდა შესანიშნავ პირობებს ამერიკის წინააღმდეგ თავდასხმების მოსამზადებლად. სენატში გამოსვლისას მან თქვა, რომ ეს დამამცირებელი იქნება. სანახაობა, თუ როგორ ტოვებენ ამერიკელი სამხედროები ობიექტებსა და აღჭურვილობას, „მთელ მსოფლიოში გადაიცემა როგორც ამერიკის მარცხის და ისლამისტური ექსტრემიზმის სიმბოლო“, თვლის სენატორი.

მაკკონელის გამოსვლა მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ პენტაგონმა მიიღო ბრძანება, მოამზადოს ავღანეთიდან ორი ათასი და ერაყიდან 500 სამხედროს გამოყვანა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, 20 იანვარს. შედეგად ორივე ქვეყანაში დარჩება მხოლოდ 2500 სამხედრო, სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ბევრად ნაკლები, ვიდრე, ამერიკელი სამხედროების აზრით, საჭიროა. პენტაგონს არ დაუდასტურებია ჯარების გამოყვანის შესახებ ცნობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG