Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგაუზები - უმცირესობები და მოსკოვის პოლიტიკა


გაგაუზების ტომი ერთდროულად რამდენიმე უმცირესობას მიეკუთვნება: ეთნიკურს, რელიგიურს, ენობრივს... ისინი წარმოშობით თურქები არიან, მაგრამ არა მუსლიმები, არამედ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ცხოვრობენ, ყველაზე ბევრნი - მოლდოვაში, თუმცა მათი სალაპარაკო ენა არც მოლდოვურია და არც უკრაინული, რუსულად საუბრობენ.

გაგაუზები ამტკიცებენ, რომ თურქეთიდან ევროპულ რეგიონში, ბესარაიაში, მე-18 საუკუნის ბოლოს გადმოსახლდნენ. უმცირესობისა და აბორიგენი მოსახლეობის მსოფლიო ცნობარში ნათქვამია, რომ 1940 წელს საბჭოთა ჯარებმა ბესარაბია დაიპყრეს, რის შემდეგაც გაგაუზებით დასახლებული ტერიტორიის ნაწილი მოლდოვას, ნაწილი კი უკრაინას დარჩა.

ქალები ატარებდნენ ჭრელ კაბებს, წინსაფრით; მამაკაცები - პერანგს, განიერ შარვალს, ფართო წითელ ქამარსა და ქუდს.

რაც შეეხება სამზარეულოს, გაგაუზები უპირატესობას ცომეულს ანიჭებენ და ასევე ზეთში შემწვარ ბლითებს, სხვადასხვა შიგთავსით: ყველით, ხაჭოთი ან კომბოსტოთი. პოპულარულია ყაურმა, სხვადასხვანაირად შეკმაზული ცხვრის ან ღორის ხორცი, ასევე ქათმის ან ღორის თავებისგან დამზადებული „ხალადეცი“.

გაგაუზიის სოფელი
გაგაუზიის სოფელი

გარუსების პოლიტიკა

გაგაუზებს ბერძნულ ან ლათინურ სახელებს არქმევენ, მათი გვარები კი უმეტესად ბულგარული წარმოშობისაა. საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვი მათ გარუსებას ცდილობდა,1957 წელს გაგაუზებს კირილიცაზე დაფუძნებული ანბანიც კი შეუქმნეს. რუსულ ენაზე ასწავლიდნენ სკოლებშიც. შედეგად, გაგაუზების 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსული მათი მეორე მშობლიური ენაა, პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილიც სწორედ რუსულად ლაპარაკობს.

გაგაუზებს თავისი ენაც აქვთ, მისი ძირი თურქული დიალექტია, თუმცა გაგაუზურში ბევრი სიტყვა ბულგარულიდან, რუსულიდან და იმ სხვა ენებიდან შევიდა, რომლებზე საუბარიც გაგაუზებს უწევდათ. 1980 წლებში, როდესაც მოლდავურ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა შეეძინა, გაგაუზებმა პირველი სერიოზული პროტესტი გამოთქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საკუთარ ეთნიკურობაზე აქცენტს არასდროს აკეთებდნენ.

ამის შემდეგ გაგაუზების პროტესტი ძლიერდება და იქამდე მიდის, რომ ისინი რესპუბლიკას აარსებენ: გაგაუზიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, დედაქალაქი - კომრატი.

ლენინის ძეგლი გაგაუზიის მთავრობის სახლთან, 2014 წელი
ლენინის ძეგლი გაგაუზიის მთავრობის სახლთან, 2014 წელი

გარკვეული პერიოდი რეგიონში ორხელისუფლებიანობა იყო, მაგრამ 1994 წელს კიშინიოვი და კომრატი სახელმწიფო მოწყობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ და გაგაუზია ავტონომიად ჩამოყალიბდა. 2014 წლის აღწერით, გაგაუზიაში 130 ათასზე მეტი გაგაუზი ცხოვრობს. ზოგადად, ამ ეთნიკური ჯგუფის 70 პროცენტი სწორედ მოლდოვაშია დასახლებული.

გაგაუზია, მოსკოვი და არჩევნები

გაგაუზია ღარიბი მხარეა, მას მუდმივად სჭირდება დოტაცია, რასაც რუსეთიდან იღებს და ამიტომაც გაცილებით უკეთესი დამოკიდებულება აქვს რუსეთთან, ვიდრე ევროპასთან.

ქალი ძროხასთან ერთად კომრატის განაპირას
ქალი ძროხასთან ერთად კომრატის განაპირას

თუმცა 15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროევროპულმა პოლიტიკოსმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მოქმედი პრეზიდენტის პრორუსი პოლიტიკოსის, იგორ დოდონის, დამარცხება პუტინის გავლენის შესუსტებად შეფასდა. მოსკოვს ყოველთვის ჰქონდა თავისი ბერკეტები რეგიონის კონტროლისთვის, მათ შორის ერთ-ერთი საყრდენი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონები იყო.

გაგაუზებიც ძალიან მეგობრობენ მოსკოვთან. ისინიც უხვად ფინანსდებიან კრემლიდან. როგორც კი მოლდოვის სათავეში რომელიმე პროევროპული ძალა მოდის და ევროკავშირისკენ მიილტვის, ან ღმერთმა არ ქნას, ნატოს ახსენებს, გაგაუზები მაშინვე გამოყოფაზე ალაპარაკდებიან ხოლმე. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მგრძნობიარე ნერვული დამოკიდებულება აქვთ, - ამბობს ბიბისის ჟურნალისტი ილია ბარაბანოვი რადიო თავისუფლებასთან საუბარში და უმცირესობებთან დაკავშირებით ზოგად პოლიტიკურ მოცემულობას აფასებს:

დნესტრისპირეთი რუსეთის სატელიტია. ეს ტერიტორია მხოლოდ რუსული ფინანსებით არსებობს. აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ხუთი წლის წინ წარმოქმნილი არაღიარებული რესპუბლიკა უკრაინაში - ყველა ესენი მხოლოდ მანამდე იარსებებენ, სანამ მათ მოსკოვი აფინანსებს... თუ რამე, მოსკოვი დნესტრისპირეთსგამოყენებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იტყვის უარს, მაგრამ, მეორე მხრივ, პოლიტიკოსები ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ ნახულობენ, რომ ეს ტერიტორია დაიბრუნეს. მშვენივრად ესმით, რომ დნესტრისპირეთის მოლდოვის შემადგენლობაში დაბრუნება, დამატებით, 200-300 ათას პრორუსულ ელექტორატს ნიშნავს. ეს კი პროევროპულ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც მოლდოვაში დომინირებენ, ხელს არ აძლევთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG