Accessibility links

logo-print logo-print

გია გვილავა: მაიკ პომპეომ კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ


გია გვილავა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედრაზე კითხვა დაუსვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ. ეს, გია გვილავას თქმით, ნიშნავს იმას, რომ იგი კარგადაა ინფორმირებული, რა ხდება საქართველოს სასამართლო სისტემაში და იცის, რომ კლანი არსებობს:

„ძალიან ცუდი ამბავია ეს მიხეილ ჩინჩალაძისთვის. ჩვენთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ადვოკატირება“, - განაცხადა გია გვილავამ. მისი თქმით, სასამართლო სისტემაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან არასამთავრობო ორგანიზაციების საუბარს ორი მთავარი კონტექსტი ჰქონდა:

„ერთი იყო, სასამართლო, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ხელისუფლების ხელში, და მეორე - სასამართლო, სადაც უკვე შეინიშნება კორუფციის პატარა ტენდენციები. მაგრამ ეს არის სურათი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. იყო საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე და მის გავლენაზე ხელისუფლების ყველა შტოზე“, - განაცხადა გია გვილავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა სასამართლო ხელისუფლება და არაფორმალური მმართველობა იყო. მათი განმარტებით, არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ჭრილში იყო. სასამართლო ხელისუფლების პრობლემებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის, "კარტოგრაფების", ანაკლიის პორტისა და "ფილიპ მორისის" საქმეებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა. მანამდე 18 ნოემბრის დილიდან მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო, ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე „ცოცხალი ჯაჭვის“ აქცია გამართა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი ჰქონდა - სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების გაყალბებისადმი ყურადღების მიპყრობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში 17 ნოემბერს, საღამოს ჩამოვიდა. საქართველოში ვიზიტამდე პომპეო საფრანგეთსა და თურქეთს ეწვია, თბილისიდან კი ისრაელში გაემგზავრა და შემდეგ ტურნეს გააგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG