Accessibility links

კლინიკური მართვის ჯგუფი განიხილავს მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაციის საკითხს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად შეხვდა კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ჰოსპიტლების გადატვირთულობის გამო კლინიკური მართვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმები.

პრესრელიზის თანახმად, მსჯელობისას აღინიშნა, რომ აუცილებელია, მაქსიმუმი გაკეთდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების კუთხით, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების მკურნალობას ბინაში - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდსასტუმროებში, სადაც, როგორც პრესსამსახური აცხადებს, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიცისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რესურსების მაქსიმალურად რაციონალური გამოყენებისა და კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სტაციონარში მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს, რით შეუძლია სახელმწიფოს, მთავრობას, დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სასუნთქი აპარატები და ა.შ.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20% იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა, ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი - კოვიდსასტუმროს პირობებში", - თქვა დავით გადელიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში ონლაინრეჟიმში მიიღო მონაწილეობა კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. დისკუსიაში ასევე ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო აშშ-ში დასაქმებული ქართველი ექიმი ზურაბ გურული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 815-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 3 400-ზე მეტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG