Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC ასაჩივრებს მიხაილოსთვის შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრებას


DJ მიხაილო
DJ მიხაილო

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგის ცენტრი", EMC, ასაჩივრებს DJ მიხაილოს, მიხეილ თოდუას, მიმართ შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრებას, რაც ნაცვლად 21:00-დან 08:00 საათამდე პერიოდისა, მის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნას 19:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხაილოს მიმართ შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის პრობაციის ბიუროს წარდგინების საფუძველზე მიიღო. წარდგინების თანახმად, მიხაილომ არასაპატიო მიზეზით დაარღვია შინაპატიმრობის წესები და 13 და 17 ოქტომბერს ღამის საათებში არ იმყოფებოდა საცხოვრებელ ტერიტორიაზე.

EMC-ს შეფასებით, თბილისის პრობაციის ბიურომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოსადმი მისი წარდგინება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.

როგორც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" განმარტავს, კანონმდებლობის თანახმად, შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევად მიიჩნევა ისეთი შემთხვევა, თუკი მსჯავრდებული განზრახ არიდებს თავს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

„დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა საპატიოდ ჩაითვლება, თუკი ამის მიზეზი იყო სამსახურებრივი ან პროფესიული, ანდა სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი”, - აღნიშნავენ EMC-ში. ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მითითებულ თარიღებში მიხაილო ნამდვილად არ იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, მის მიერ პრობაციის ბიუროსთვის წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ამის მიზეზი იყო პროფესიული საქმიანობის განხორციელება.

„გასათვალისწინებელია ისიც, აქამდე მიხაილოს სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა, პროფესიული საქმიანობის განხორციელება და ამ მიზეზით ღამის საათებში საცხოვრებელ ტერიტორიაზე არყოფნა არაერთხელ ჩაითვალა საპატიო გარემოებად. უფრო მეტიც, თავად პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებულ გადაწყვეტილებებში ხაზს უსვამდა, რომ მსჯავრდებულის მონაწილეობა სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებაში ხელს უწყობდა მისი რესოციალიზაციის პროცესს და მსჯავრდებულის პროფესიულ განვითარებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში როდესაც არ არსებობს წინა შემთხვევებისგან განსხვავებული გარემოება, პრობაციის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებითად დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგოა”, - ნათქვამია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ეს საქმიანობა მიხაილოსთვის არის ძირითადი შემოსავლის წყარო და იმ პირობებში, როცა პრობაციის ბიუროს მიერ აქამდე ყოველთვის საპატიოდ მიიჩნეოდა პროფესიული საქმიანობის მიზეზით შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევა, გაუგებარია, ამჯერად რა არგუმენტით არ ჩაეთვალა მიხაილოს საცხოვრებელ სახლში არყოფნა საპატიოდ.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა პრობაციის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მიხაილოს 13 და 17 ოქტომბერს ღამის საათებში საცხოვრებელ ტერიტორიაზე არყოფნა არ ჩაეთვალა საპატიოდ. შესაბამისად, ასევე დაუსაბუთებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 11 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება მიხაილოს მიმართ შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრების თაობაზე. ორივე ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს EMC კანონით დადგენილი წესით ასაჩივრებს”, - აღნიშნავენ EMC-ში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ნოემბერს ნაწილობრივ გაითვალისწინა პრობაციის სამსახურის არგუმენტები და DJ მიხაილო თოდუას შემზღუდავი ღონისძიება, სახლიდან გასვლა დამატებით ორი საათით აუკრძალა. პრობაციის სამსახური მოსამართლეს სთხოვდა, ის ისევ დაებრუნებინა ციხეში, რაც არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიხაილოს სახლში ყოფნა 21:00-ის ნაცვლად, 19:00 საათიდან 08:00 საათამდე უწევს.

მიხაილო ნარკოდანაშაულისთვის 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებით შინაპატიმრობაში გადავიდა. მას შინაპატიმრობის წესების დარღვევა საპატიოდ ჩაეთვლებოდა, თუ ეს სამსახურეობრივი მიზნით იყო გამოწვეული.

იმის მიუხედავად, რომ მანამდე მას ღამით მუშაობაზე პრობლემა არ შექმნია, პრობაციის სამსახური სადავოს ხდიდა 13 ოქტომბერსა (დახურულ საღამოზე) და 17 ოქტომბერს ("გირჩის" საარჩევნო კამპანიის დროს) ღონისძიებაზე ყოფნას.

მოსამართლემ საპატიოდ ჩათვალა 13 ოქტომბერს მისი ღონისძიებაზე ყოფნა, ხოლო 17 ოქტომბერს - არა, რადგან მიიჩნია, რომ მთავრობის განკარგულებით, აკრძალული იყო ამ დროს ღონისძიებების გამართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG