Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფოს სამედიცინო რეზიდენტების იმედი და პირიქით


კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა სამედიცინო პერსონალის კვალიფიციურობის აუცილებლობა. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რამდენად ადეკვატურია რეზიდენტურის სისტემა საქართველოში, სისტემა, რის შედეგადაც ქვეყანაში ექიმები ხდებიან; აქვთ თუ არა მათ პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების შესაძლებლობა და რა პირობებს უქმნის მათ სახელმწიფო.

აზრი არ აქვს რეზიდენტურაში სიარულს, მაინც არაფერს გასწავლიან. პირველკლასელივით დადიხარ და დასცქერი პაციენტებს. ჯობია, რომ იმორიგეო. თან, ორგან ვმუშაობ. მარტო სწავლის ფული ხომ არაა, ოჯახი მყავს, შვილი და რომ არ ვიმუშაო, ვინ მომცემს ფულს?” - ამბობს ანი ხუბულავა, ნევროლოგიის რეზიდენტი.

იმის გამო, რომ პროგრამა, ერთი მხრივ, საჭირო გამოცდილებას არ აძლევს, მეორე მხრივ კი, ფასიანია, ანი ორ ადგილას მუშაობს: ხელფასისთვის - 112-ში და გამოცდილების მისაღებად - საავადმყოფოში ღამის მორიგედ.

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დიპლომირებულ მედიკოსს არ აქვს დამოუკიდებელ ექიმად მუშაობის უფლება. 6-წლიანი სწავლის შემდეგ მას მხოლოდ უმცროს ექიმად შეუძლია მუშაობა, რაც ექიმის თანაშემწეობას გულისხმობს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საავადმყოფოში ადგილს იპოვის. ჩვეულებრივ, რეზიდენტები ანაზღაურებას საავადმყოფოში ღამის მორიგეობაში იღებენ.

ვატო სურგულაძე - ჯანდაცვის ექსპერტი
ვატო სურგულაძე - ჯანდაცვის ექსპერტი

„მანკიერი წრეა: პროფესიით ვერ გამოიმუშავებ რეზიდენტურაში სწავლის ფულს, რადგან სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომი მხოლოდ უმცროს ექიმად მუშაობის საშუალებას იძლევა და ექიმად მუშაობისთვის კი გჭირდება რეზიდენტურის დამთავრება, რომლისთვისაც გჭირდება ანაზღაურებადი სამუშაო“, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე.

რეზიდენტურის სასწავლო მიმართულებასა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, თუ რა თანხის გადახდა მოგიწევს ყოველწლიურად. რეზიდენტურა საქართველოში საშუალოდ 4000 ლარი და მეტი ჯდება.

რეზიდენტები ამბობენ, რომ მანკიერი სისტემა დიპლომისშემდგომ განათლებას, ანუ რეზიდენტურას, ფიქტიურ სახეს აძლევს.

ნინო ონიანი გადაუდებელი დახმარების რეზიდენტია. მისი თქმით, სარეზიდენტო პროგრამა არაფერს აძლევს, ხოლო სწავლის გადასახადს იმავე ჰოსპიტალში ღამე მორიგეობით აგროვებს.

„უკეთესი იქნებოდა, თვეში ათი მორიგეობის შესრულება არ მიწევდეს იმისთვის, რომ გადასახადი გადავიხადო და ელემენტარული სამოძრაო თანხა მქონდეს.

გამოცდილებას რაც შეეხება, რაც ვისწავლე, მორიგეობებისას ვისწავლე, თორემ რეზიდენტურაზე არც აინტერესებს ჩემს ხელმძღვანელს, რა ვიცი, რას ვისწავლი და, საერთოდ, როგორი ექიმი ვიქნები, ლიცენზიას რომ ავიღებ”.

ილია ქოჩიაშვილიც რეზიდენტურას ოტო-რინო-ლარინგოლოგიაში გადის. პირველ კურსზეა და პარალელურად ისიც მუშაობს. სასწრაფო დახმარების პარამედიკოსია. 4 დღეში ერთხელ 24 საათი სასწრაფოზეა, თბილისის შემოგარენში დადიან გამოძახებებზე, მეორე დღეს კი ოპერაციებსა და ამბულატორიულ მიღებებზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ პაციენტებს სინჯავს.

მე რომ სხვა მხრიდან რამე შემოსავალი მქონდეს, სულ რეზიდენტურას დავუთმობდი დროს, მაგრამ რა ვქნა?! ექიმი რომ გავხდები, დავანებებ მერე სასწრაფოს თავს.

ზოგჯერ სახლშიც ვერ მივდივარ, მაგრამ თვითონ თუ არ ეცადე ან ახლობელი არ გყავს ამ სფეროში, მაგრად გაგიჭირდება. კორონას გამო შეზღუდულია სწავლა და ექიმებიც არ ამოწმებენ დასწრებებს, მაგრამ უნდა იარო, თუ გინდა რამე ისწავლო. თუ კარგი ექიმი შეგხვდა, ისტორიების წერასაც გასწავლის და პაციენტების გასინჯვასაც. უნდა დაანახო, რომ ინტერესდები“.

საქართველოში 30-40 აკრედიტებული დაწესებულებაა, სადაც წელიწადში ორჯერ, ჯამში, 2000-ზე მეტი სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული აბარებს რეზიდენტურაში. გამოცდაც ფორმალურია, წინასწარ ყოველთვის ქვეყნდება ტესტების შემოხაზული პასუხები.

„რეზიდენტურის მისაღებზე დასაზუთხი ტესტებია, ცოდნას რომ არანაირად არ გაძლევს, ჩაიტენი თავში და მერე ორი წელიწადი ადგილს უნდა ელოდო, რადგან სახელმწიფო კლინიკაში ძალიან ცოტა ადგილი ცხადდება, კერძოში კი გადასახადი სამმაგია - წელიწადში 4000 და ზემოთ”, - ამბობს რეზიდენტი ნინო ონიანი.

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

მისი თქმით, დიპლომამდელი განათლებაა პირველ რიგში მისახედი, რომ საჭირო პრაქტიკული უნარები სტუდენტებს 6-წლიანი სწავლების შემდეგ უკვე გამომუშავებული ჰქონდეთ.

არაერთ უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციას. საუკეთესო კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც კი პრაქტიკული უნარ-ჩვევები თითქმის არ აქვთ, ინტრავენული ინექციაც კი არ შეუძლიათ, არ ვსაუბრობ უფრო რთულ მანიპულაციაზე”.

ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ მკაცრად უნდა იყოს აკრედიტაციები გაცემული უნივერსიტეტებზე.

სტუდენტებმა კი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უნდა ჩააბარონ იმგვარი ტესტი, როგორიც ამერიკაშია USMLE (United States Medical Licensing Examination): ძირითადი საბაზისო საგნები, კლინიკური საგნები და პრაქტიკა.

ვატო სურგულაძე
ვატო სურგულაძე

„გამოსაგონებელი არაფერი არაა. გადასაქართულებელი იქნება, თანხა დაჯდება, მაგრამ გაჯანსაღდება სისტემა.

დაამთავრებ უნივერსიტეტს, უნდა ჩააბარო ტესტი (დღეს რეზიდენტურის დამასრულებელ სალიცენზიო გამოცდაზე ისეთივე წინასწარშემოხაზული ტესტები ქვეყნდება სასწავლად, როგორც რეზიდენტურაზე ჩაბარებისას).

USMLE-ის საფეხურებრივი გამოცდა ჩააბარა და ლუიზიანის კლინიკის უფროსი რეზიდენტია დავით ჩაჩხიანი. როგორც ის ამბობს, ამერიკაში ჩასაბარებელი ტესტებისთვის მომზადების ხანგრძლივობა დამოკიდებულია საწყის ცოდნასა და მეცადინეობის ინტენსივობაზე, თუმცა უმეტესობას 6 თვიდან 2 წლამდე სჭირდება მხოლოდ პირველი ნაწილის მოსამზადებლად (სულ ასეთი ოთხია).

დავით ჩაჩხიანი - ლუიზიანის ჰოსპიტლის უფროსი რეზიდენტი
დავით ჩაჩხიანი - ლუიზიანის ჰოსპიტლის უფროსი რეზიდენტი

„პასუხები, რა თქმა უნდა, წინასწარ არაა ცნობილი და არც კითხვები. წინასწარ სტუდენტმა, უბრალოდ, იცის, როგორ მოემზადოს და ამისთვის სხვადასხვა სტრატეგია არსებობს.

რაც შეეხება რეზიდენტის ანაზღაურებას, სტანდარტიზებულია და რეზიდენტს თავისუფლად ჰყოფნის სრულფასოვნად საცხოვრებლად. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ რეზიდენტი კონცენტრირდეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე და იმაზე არ ჰქონდეს სანერვიულო, როგორ დაფაროს, მაგალითად, კომუნალური გადასახადები”.

ისევე როგორც საქართველოში, ამერიკაშიც პირველ წელს რეზიდენტები ზოგად მედიცინას გადიან, შემდეგ კი დრო და ძალისხმევა სპეციალობის მიხედვით კონკრეტული განხრის და მასთან მომიჯნავე საგნების სწავლას ეთმობა.

ერთიანი სისტემა კი ისეა აწყობილი, რომ რეზიდენტს შესაძლებლობა აქვს, დამოუკიდებლად მიიღოს პაციენტი, დასვას დიაგნოზი და მართოს მისი მკურნალობა.

„ამერიკულ რეზიდენტურაში ყველაზე ძალიან რაც მომწონს, არის "ავტონომია მეთვალყურეობის ქვეშ" - რეზიდენტი თავიდანვე უშუალოდ ერთვება პაციენტის მართვაში, რა თქმა უნდა, პირველი წლის განმავლობაში ახლო მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც დროთა განმავლობაში მცირდება და, შედეგად, დამამთავრებელი წლის რეზიდენტს, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად შეუძლია მართოს პაციენტი როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტლის გარემოში“.

სწრაფი ტესტისთვის ნიმუშების აღება - ლუიზიანა, ნიუ ორლეანი
სწრაფი ტესტისთვის ნიმუშების აღება - ლუიზიანა, ნიუ ორლეანი

რეზიდენტების როლი და მათი მზადყოფნის საჭიროება გამოჩნდა კოვიდ-19-ის დროსაც.ძირითად საქმეს სასწავლო საავადმყოფოებში სწორედ ისინი აკეთებენო”, - გვეუბნება დავით ჩაჩხიანი და თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

„ლუიზიანაში პანდემიამ წლის დასაწყისში მოიკიდა ფეხი, როცა ძალიან ცოტა რამ ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ. მაშინ ველოდებოდით, რომ სისტემა გადაიტვირთებოდა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა იქნებოდა, ამიტომ ჩვენი განყოფილების რეზიდენტების გადაჯგუფება მოვახდინეთ. რეზიდენტების ნაწილი დაჯდა სახლში, რომ მათ მცირე რისკი ჰქონოდათ დაინფიცირების და ყოფილიყო ქმედებაუნარიანი რეზერვი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდებოდა. ასევე, ჩამოყალიბდა იმ მოხალისეთა სია, რომლებიც გადანაწილდებოდნენ კოვიდგანყოფილებებში და ემერჯენსის განყოფილებებში”. კოვიდთან ბრძოლაში დატვირთვა მოდის ქართველი რეზიდენტების შემთხვევაშიც.

ნოე ვაშაკიძე გასტროენტეროლოგია - ენდოსკოპიის რეზიდენტურის მესამე კურსზეა. ისიც, როგორც მისი არაერთი კოლეგა, ანაზღაურებას უმცროსი ექიმობით და მორიგეობით იღებს, პრაქტიკას კიდევ სხვა კლინიკაში ეუფლება და პარალელურად სრულად არის ჩართული კოვიდპაციენტებთან მუშაობაში. პაციენტების ისტორიას აღწერს, პაციენტის მდგომარეობის მართვა ევალება, დამძიმების შემთხვევაში - შესაბამისი ღონისძიებების გატარება ექიმთან შეთანხმებით, ტრანსპორტირება შესაბამის კვლევაზე და ა.შ. იმდენად დატვირთული გრაფიკი აქვს, რომ ზოგჯერ სახლში შერბენასაც ვერ ასწრებს.

„გუშინ 30-მდე რეანიმაციულაპარატიან კოვიდპაციენტთან ვიმუშავეთ მე და მხოლოდ ერთმა ექიმმა. საბედნიეროდ, კოვიდი გადავიტანე და იმდენად აღარ მეშინია. ზღვა სამუშაოა, კოვიდრეანიმაციულ პაციენტებთან სტრესული გარემო ორმაგდება, რადგან სულ აფორიაქებული, აღგზნებული და შეშინებულები არიან”.

ნოეც მიიჩნევს, რომ კლინიკები თავად უნდა ასაქმებდნენ რეზიდენტებს და თუ მაღალ ანაზღაურებას არ მისცემენ, „არც უნდა გატყავებდნენ მაღალი თვიური გადასახადით”. საქართველოში კი რეზიდენტები ფულს ძირითადად იმაში იხდიან, რომ პაციენტებს „შორიდან უყურონ” და ბიუროკრატიული საბუთები ავსონ.

ამასვე ამბობს ზოგადი ქირურგიის ექიმი დათო კამკამიძეც (რესპონდენტის სახელი და გვარი შეცვლილია). რეზიდენტობიდან ექიმობამდე 2014 წელს მანაც იგივე გზა გაიარა.

„სისტემა დიდი ხანია შესაცვლელია. შეიძლება იმ სარეზიდენტო პროგრამებში ფურცლებზე ყველაფერი კარგადაა გაწერილი, მაგრამ რეალურად ასე არ ხდება და რეზიდენტები პროგრამის ფარგლებში ადგილზევე არ იღებენ შესაბამის განათლებას და გამოცდილებას. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ასეა. შეიძლება ოდნავ უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ჩემს დროს იყო, მაგრამ რეზიდენტურის ეს მოდელი ნამდვილად შესაცვლელია. გადასახადს ოჯახი მიხდიდა. რეზიდენტურაში სიარულის ნაცვლად ჩემს საქმეს ვეუფლებოდი სხვა საავადმყოფოში, რომ გამოცდილება მიმეღო. რა თქმა უნდა, რეზიდენტის მონდომებაზეც ბევრია დამოკიდებული, მაგრამ, ჯამში, სისტემური მიდგომა არ არსებობს.

რეზიდენტურა არათუ უფასო უნდა იყოს, არამედ რეზიდენტის შრომა ანაზღაურებული უნდა იყოს, რომ თავიდან ბოლომდე განვითარებას მიუძღვნას თავი და რეზიდენტურის გადასახადზე საფიქრალი არ ჰქონდეს”.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი ვატო სურგულაძე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ბაზრის კვლევა თავად სამინისტრომ უნდა გააკეთოს, რათა გამოიკვეთოს რეზიდენტების საჭირო რაოდენობა კონკრეტულ მიმართულებებზე და არ იყოს გადაჭარბებული რეზიდენტების რიცხვი.

„სახელმწიფომ უნდა დათვალოს, რამდენი ანესთეზიოლოგი სჭირდება, რამდენი ინფექციონისტი და ა.შ. მნიშვნელოვანია, გყავდეს ექიმების მომზადებული ჯგუფი და ახლა არ უნდა კითხულობდე, რეანიმატოლოგი სად ვიშოვოთ. სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს, ჰყავდეს კარგი ექიმი. ამდენი უმუშევარი დიპლომირებული მედიკოსი აღარ იქნება. ახლა უნივერსიტეტები აძლევენ თავიანთ მონაცემებს, რამდენის მიღება შეუძლიათ.

რეზიდენტურა საქართველოში ატარებს ძალიან ფორმალურ ხასიათს. ცნება „ცუდი ექიმი“ არ უნდა არსებობდეს, ოქსიმორონია. მისმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს”.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ჩვენი წყარო გვეუბნება, ძირეული ცვლილებების საჭიროების მიუხედავად, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა და უახლოეს მომავალში, ალბათ, არც გადაიდგმება, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის საჭიროება. მიყენებული ზარალიდან გამომდინარე, უფრო შორეულ პერსპექტივაში გადაინაცვლა იმ ცვლილებებმა, რომლის საჭიროებაზეც ლაპარაკობენ რეზიდენტები და ექსპერტები.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG