Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესტორნების ასოციაცია: ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ჩვენთვის "ლოკდაუნს" ნიშნავს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

რესტორნების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება სარესტორნო სფეროში დაწესდეს, ამ სფეროსთვის "ლოკდაუნის" ტოლფასი იქნება. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

​მისი თქმით, მთავრობამ მათ მუშაობის სამი ვარიანტი შესთავაზა: შაბათ-კვირას სრული გაჩერება, მხოლოდ მიტანის სერვისზე გადასვლა ან სამუშაო საათების კიდევ უფრო შემცირება.

"დამატებითი შეზღუდვები უკვე ნიშნავს "ლოკდაუნს", ეს აღარ იქნება წერტილოვანი შეზღუდვები. დღეს უკვე წითელ ხაზებს არის გადასული შეზღუდვები... დღეს მხოლოდ რესტორნების 5 პროცენტს შეიძლება ჰქონდეს მოგება, დანარჩენები იმისთვის მუშაობენ, რომ ვალდებულების ნაწილი მაინც დაფარონ და ზარალი უფრო არ გაეზარდოთ", - თქვა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, ზოგიერთი რესტორნისთვის "ლოკდაუნის" გამოცხადება მისაღები იყოს, მაგრამ ეს ნიშნავს უმუშევრად რამდენიმე ათასი ადამიანის დატოვებას, რომელიც ყოველდღიურ შემოსავალს ამ სფეროში მუშაობით იღებს.

ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ მთავრობა ახლა მათგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.

დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე ჩაინიშნა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 4 ათასს მიუახლოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG