Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო დარღვევების გამო კახეთში დაწერილი ერთადერთი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა


თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მეათე ოლქის საარჩევნო კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენლის მიერ დაწერილი საჩივარი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის 22-ე უბნის საარჩევნო კომისიის წევრს, ნაკადის მომწესრიგებელს მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საჩივარში წერდა, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს არ უტარდებოდა მარკირების შემოწმება და იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა ამომრჩეველმა ხმა მისცა მარიკრების გარეშე. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი ირწმუნება, რომ ასეთი მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, რომელიც მალე გამოსწორდა.

21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას რადიო თავისუფლებამ ყარაჯალაში გადაიღო მარკირების წესის დარღვევის ამსახველი ვიდეომასალა.

„სამართლიანი არჩევნები“ საჩივარში წერდა ყარაჯალის 22-ე უბანზე კიდევ ერთი დარღვევის, ე.წ. „კარუსელის“ შესახებაც და შედეგების გაბათილებას ითხოვდა, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „კარუსელის“, ანუ ერთი და იგივე პირის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მეათე ოლქში 21 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველს ხმა მისცა 5608 ამომრჩეველმა (11.17%), ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს 44 616-მა (88.83%).

ოპოზიციური ბლოკის მიერ მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად მისი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში იყო, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურის წინ კანდიდატურის მოხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG