23 ნოემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯო ბაიდენთან და მიულოცა მას აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტად, ხოლო კამალა ჰარისს - ვიცე-პრეზიდენტად არჩევა.
ნატოს ოფიციალური საიტის თანახმად, იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ნატოსა და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისადმი მისი ხანგრძლივი მხარდაჭერისათვის.
საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უთხრა, რომ მოუთმენლად მოელის მასთან ერთობლივი მჭიდრო მუშაობით ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის კავშირ-ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას და ნატოს ლიდერების მომავალი წლის სამიტის მომზადებას.
მანამდე, 7 ნოემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა წერილობითი განცხადების სახით, ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება.
ნატოს გენერალური მდივნისა და ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბრის ფონია აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის ფორმალური პროცესის დაწყება.
აშშ-ის საერთო სამსახურების ფედერალური სააგენტოს(GSA) ხელმძღვანელმა ემილი მერფიმ არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეატყობინა, რომ შეუძლია, ახალი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესისთვის გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სახსრები და რესურსები.
ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფორმალურად პირველად აღიარა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
დაწერეთ კომენტარი