Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩადიან


ტოივო კლაარი
ტოივო კლაარი

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაერო-დან და ეუთო-დან, ტოივო კლაარი, ჯიხან სულთანოღლუ და რუდოლფ მიხალკა, ხუთშაბათს ცხინვალში ჩავლენ, ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის დღის წესრიგის განსახილველად. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი ჯერ კიდევ მარტში უნდა ჩატარებულიყო, შემდეგ გადაიტანეს ოქტომბერში, თუმცა ვერც ოქტომბერში ჩატარდა კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო. - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის სააგენტო „რესი“ იუწყება. თუმცა ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიის ჩაშლაში რუსეთის და ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები დაადანაშაულა.

ახლა თანათავმჯდომარეები ცდილობენ, რომ მხარეები დეკემბრის შეხვედრის ჩასატარებლად დაითანხმონ. „ხუთშაბათს ჩვენ ველოდებით ჟენევის თანათავმჯდომარეების ჩამოსვლას, დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებლად.“- უთხრა სააგენტო „რესს“ დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პოსტ კონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევმა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდება. მისი განმარტებით, ამ შეხვედრაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება და დასრულების შემდეგ სპეციალური ბრიფინგი გაიმართება. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის ჩატარება 10-11 დეკემბერს იგეგმება.

ცხინვალში შეხვედრამდე, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა შეხვედრა გამართეს თბილისში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა 23 ნოემბერს გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მწვავედ დაისვა პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციისა და უკანონო დაკავების შემთხვევები, რაც ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG