Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღის მოვლენებში სომხეთი რუსეთს მიიჩნევს „მხსნელად“და არა „განტევების ვაცად“


ავტორები: რონ სინოვიცი, კობა ლიკლიკაძე

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო ამ შემოდგომაზე დაწყებული მასშტაბური საომარი მოქმედებების დროს ბევრი სომეხი უძველესი სტრატეგიული პარტნიორისგან ღალატად მიიჩნევდა იმას, რომ საკმარისი დახმარება არ აღმოუჩინა აზერბაიჯანის მძლავრი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ საომარ კონფლიქტში ჩაბმულ სომეხ მებრძოლებს.

მაგრამ ახლა, როცა მთიან ყარაბაღში რუსეთის სამხედრო ძალის შესვლის დაწყებიდან მხოლოდ ორი კვირაა გასული, სომხეთში კვლავ ალაპარაკდნენ მოსკოვზე, როგორც „მხსნელზე“, ხოლო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, რომლის მიერ აზერბაიჯანსა და რუსეთთან ხელმოწერილ სამმხრივ შეთნხმებას ჯერ მელანიც არ შეშრობია, წინ გაუსწრო მოვლენებს და განაცხადა, რომ სამშვიდობო მისიით აღჭურვილი რუსეთის სამხედრო ძალა მთიან ყარაბაღში, ალბათ, ხუთ წელზე მეტი ხნით დარჩება.

„არ ვფიქრობ, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების რეგიონში ყოფნა ხუთწლიანი პერიოდით შემოიფარგლება“, – განაცხადა ფაშინიანმა რუსეთის წამყვან საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ნიკოლ ფაშინიანის ამ განცხადების ფონია სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტში განცდილი მარცხით გამოწვეული იმედგაცრუება სომხეთში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში თანამდებობიდან გადადგა ექვსი მინისტრი, მათ შორის თავდაცვისა და საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები.

აზერბაიჯანში კი, პირიქით, საყოველთაო საზეიმო განწყობა სუფევს.

25 ნოემბრის დადგომისთანავე აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილებმა დაიწყეს შესვლა ქელბაჯარში, მთიანი ყარაბაღის მიმდებარე აზერბაიჯანის კუთვნილ ერთ-ერთ იმ რაიონში, რომელსაც სომხური სამხედრო დანაყოფები 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდნენ.

მანამდე, 20 ნოემბერს, ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანს გადაეცა სეპარატისტების ხელთ არსებული მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონი.

1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მესამე, ლაჩინის რაიონი, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც უკვე აიყვანეს კონტროლზე სამშვიდობო მისიით აღჭურვილმა რუსმა სამხედროებმა

„საინტერესო პარადოქსი“

მოსკოვის ცნობით, სამშვიდობო მისიით აღჭურვილი რუსეთის მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა უკვე სრულად აკონტროლებს ვითარებას სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზის გასწვრივ და ლაჩინის ხეობაში, რომელიც სომხეთთან ამ ანკლავის დამაკავშირებელი ერთადერთი დერეფანია.

რუსი სამხედროები იცავენ მშვიდობას, მიაცილებენ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც უბრუნდებიან თავიანთ სახლებს, და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ ადგილობრივ მოსახლეობას, - აცხადებს ყარაბაღელ სომეხ სეპარატისტთა ლიდერი, დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთიუნიანი.

„რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალისხმევის წყალობით შესაძლებელი გახდა საბრძოლო მოქმედებების შეჩერება აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას რუსეთის ფედერაციისა და, განსაკუთრებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ, რომლის საშუამავლო ძალისხმევითაც მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასრულება, შესაძლებელი გახდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა.

თუმცა ასე მხოლოდ ფრონტისპირა რეგიონის ლიდერი როდი ფიქრობს სომხეთში.

მოსკოვის შუამავლობით 9 ნოემბერს მიღწეული სამმხრივი შეთანხმების შემდეგ ბევრი სომეხი რუსეთს მიიჩნევს „მხსნელად“ და არა „განტევების ვაცად“, რომელსაც მანამდე ბევრი ლამის მთავარ დამნაშავედ მიიჩნევდა მთიანი ყარაბაღის შიგნით და მის გარშემო სეპარატისტული სომხური ძალების მიერ განცდილ მარცხში.

ასეთ მეტამორფოზას „საინტერესო პარადოქსს“ უწოდებს სომეხი ანალიტიკოსი რიჩარდ გირაგოსიანი, რომელიც იხსენებს, რომ 45-დღიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში სომხეთშიც და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღშიც ძალიან დიდი იყო იმედგაცრუება და უკმაყოფილება რუსეთის დუმილისა და მისი „უჩვეულო“ პასიური პოზიციის გამო.

„რუსეთმა არ გაამართლა მოლოდინი და ერთბაშად არ გაუწოდა დახმარების ხელი ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს, არ უზრუნველყო მათი დაცვა და უსაფრთხოება. სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი

რუსეთისგან უფრო ქმედით დახმარებას ელოდა“, -ამბობს რიჩარდ გირაგოსიანი, ერევანში მდებარე რეგიონალური კვლევების ცენტრის დირექტორი, და იქვე ხაზს უსვამს რუსეთის მოტივაციას:

„ვთქვათ ასე, სომხეთისათვის გასაგები გახდა, რომ მისთვის რუსეთის მიერ უსაფრთხოების კუთხით ნაკისრი ვალდებულება სომხეთის საზღვართან მთავრდება. რუსეთი ვალდებულია დაეხმაროს და დაიცვას მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკა და არა მთიანი ყარაბაღი, როგორც ასეთი“.

ამას გარდა, სომხეთში არის აზრიც, რომ რუსეთის დახმარების გარეშე საქმე მთიან ყარაბაღში შესაძლოა ბევრად იმაზე უარესად ყოფილიყო, ვიდრე ახლაა, ანუ შეიძლებოდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს დაეკავებინათ არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ნაწილი, არამედ მთელი დე ფაქტო რესპუბლიკა. ამ აზრს იზიარებს პენსილვანიაში მდებარე ლეჰაის უნივერსიტეტის პროფესორი არმან გრიგორიანი.

„საბოლოო ჯამში, სწორედ რუსეთის ძალისხმევით შეწყდა ომი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თუ არა რუსეთის მონდომება, სომხეთისათვის ეს ომი ბევრად უარესი შედეგით დასრულდებოდა. ამიტომ, ვინც რუსეთს ადანაშაულებს მთიან ყარაბაღში სომეხი მებრძოლების მარცხში, საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა, თუ რომელი ქვეყანა მოვიდა სომხების დასახმარებლად ან რომელმა გააკეთა რუსეთზე უფრო მეტი ამ ომის შესაჩერებლად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას არმან გრიგორიანმა.

ვაშინგტონის ორგანიზებით 26 ოქტომბერს მიღწეული, მაგრამ წარუმატებლად დასრულებული საზავო შეთანხმების და, ასევე, საფრანგეთისა და აშშ-ის მხრიდან გაკეთებული რამდენიმე „თანაგრძნობის განცხადების“ გარდა, გრიგორიანის თანახმად, „არც ერთ სხვა ქვეყანას არ უცდია სამხედრო დახმარება აღმოეჩინა სომხეთისათვის და არც ვინმე სანქციებით დამუქრებია აზერბაიჯანს, მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე საომარი მოქმედების დასრულების მიზნით“.

„მუდარის ტონით“

სომხეთის ხელისუფლების განცხადებები და სომხური მედიის სტატიების ანალიზი დამოუკიდებელ ანალიტიკოსებს გარკვეულ წარმოდგენას აძლევს რუსეთთან ურთიერთობაში მომხდარი ცვლილების დინამიკაზე.

27 სექტემბერს სომეხი სეპარატისტების მიერ ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, რიჩარდ გირაგოსიანის დაკვირვებით, პანიკაში ჩავარდნილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ლამის ხუთჯერ მაინც დაურეკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და „ევედრებოდა“ დახმარებას.

სომხეთის მთავრობამ რუსეთს ასევე სთხოვა განემარტა, თუ რით შეიძლებოდა მოსკოვი დახმარებოდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში თავის სტრატეგიულ პარტნიორს, უთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში.

მაგრამ ახლა, როდესაც საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილია და რუსეთის სამხედროებმა უზრუნველყვეს ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის ზონაში, ფაშინიანი სამადლობელ სიტყვებს არ იშურებს კრემლის მისამართით.

21-22 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ერევანში ვიზიტის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთს უწოდა „საიმედო მოკავშირე“.

21 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ მთელი 45-დღიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში სომხეთი გრძნობდა რუსეთის, მისი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის „პირად დახმარებას“.

ხოლო მთიანი ყარაბაღის ომის შედეგად სამხრეთ კავკასიაში შეცვლილი „სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის“ პირობებში, ნიკოლ ფაშინიანი „დარწმუნებულია“, რომ „სომხეთსა და რუსეთს შორის

არსებული მეგობრობა, ძმობა და სტრატეგიული კავშირი“ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

„ომამდე ჩვენ რთული დრო გავიარეთ, მაგრამ ახლა კიდევ უფრო რთული პერიოდის წინაშე ვდგავართ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ რუსეთთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით“, - განაცხადა რუს მინისტრებთან შეხვედრის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ანალიტიკოსებს ფაშინიანის საუბრის ტონის სწორედ ასეთი ცვლილება მიაჩნიათ საგულისხმოდ.

სომხეთის პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული 2018 წლის ხავერდოვანი სახალხო მღელვარების გზით ხელისუფლებაში მოსული სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი თავდაპირველად აღიქმებოდა, როგორც პროდასავლელი ლიდერი, რომელიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანაშრომლობას ესწრაფოდა.

რიჩარდ გირაგოსიანი ფიქრობს, რომ მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ „სომხეთი სულ უფრო მეტად მოექცევა რუსეთის ორბიტაში“.

რუსეთის როლის „დაგვიანებული“ აღიარება სომხეთში კიდევ ერთმა ფაქტორმა დააჩქარა. ეს არის მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე ბრძოლებში, რიჩარდ გირაგოსიანის შეფასებით, თურქეთის პირდაპირი მონაწილეობა.

„ამან დიდწილად შეცვალა დინამიკა და აიძულა ბევრი სომეხი დაეძლია საკუთარ თავში რუსეთის მიმართ არსებული უკმაყოფილება და შეეცვალა იგი უფრო თბილი დამოკიდებულებით“, - აცხადებს გირაგოსიანი.

„ამჟამინდელი ყოველდღიური რეალობა“

25 ნოემბერს აზერბაიჯანის სამხედრო ძალის მოწინავე ნაწილები შევიდნენ სომხების მიერ ოკუპირებულ ქელბაჯარის (სომხურად -კალვაჩარი) რაიონში, მეორე პროვინციაში იმ სამიდან, რომლებიც მათ სომხეთმა დაუბრუნა, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე.

თავდაპირველი პირობებით, ქელბაჯარის აზერბაიჯანისთვის გადაცემა 15 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა აზერბაიჯანმა ეს დღე ჰუმანიტარული მოსაზრებებით გადადო.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, სომხეთი დათანხმდა ყარაბაღის გარშემო სამი პროვინციის - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის -გადაცემაზე. აღდამი აზერბაიჯანის ძალებს 20 ნოემბერს გადაეცა, ლაჩინის გადაცემა კი 1 დეკემბერსაა დანიშნული.

აქ არ იგულისხმება სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფანი, რომელიც უკვე აიყვანეს კონტროლზე სამშვიდობო მისიით აღჭურვილმა რუსმა სამხედროებმა.

დაპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ აზერბაიჯანმა შეაჩერა იერიში მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტზე (აზერბაიჯანულად - ხანკენდი), რომლის დაცემაც რეალური გახდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ჯარებმა მთიან ყარაბაღში სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი შუშა დაიკავეს.

27 სექტემბრის შემდეგ, როცა რეგიონში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, მინიმუმ 2000 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ისტორიულად ეთნიკური სომხებით დასახლებულ აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღში კონფლიქტს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და 26 წელია, ტერიტორიას ადგილობრივი სეპარატისტები აკონტროლებენ ერევნის დახმარებით.

1994 წლის საზავო შეთანხმების შემდეგ რეგულარულად ხდებოდა შეტაკებები სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის, მაგრამ აქამდე სრულმასშტაბიანი ომი არ განახლებულა.

რეგიონის გაურკვეველი სტატუსის გამო ის მიეკუთვნება „გაყინული კონფლიქტების“ რიგს, როგორიც რამდენიმეა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოში.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის სტატუსს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, აცხადებს, რომ სტატუსი განიხილება ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ ფარგლებში, სამი თანათავმჯდომარე ქვეყნის - აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის - წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებებზე.

„თუ რა იქნება მომავალში, ეს, საბოლოო ჯამში, ამ პროცესში ჩართული ლიდერებისა და მონაწილეების მომავალი შეხვედრის დროს გაირკვევა“, - განაცხადა პუტინმა გასულ კვირაში.

პუტინის ეს კომენტარი შესაძლოა ნიშნავდეს, რომ კრემლს სურს დიდი ხნით გაიწელოს მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები, რაც მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობის დამცველების ხუთ წელზე მეტი ხნით დარჩენას უზრუნველყოფს.

ომის შემდგომი რთული ვითარებიდან გამომდინარე, ამას ახლა უკვე არც სომხეთი გამორიცხავს.

„ცხადია, ამ ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიების შექმნა უნდა მოესწროს. მაგრამ ვინაიდან ყარაბაღის კონფლიქტი გაჭიანურებულია, არ ვფიქრობ, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების რეგიონში ყოფნა ხუთწლიანი პერიოდით შემოიფარგლება“, – განაცხადა ფაშინიანმა რუსეთის წამყვან საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

9 ნოემბრის სამმხრივი შეთამხმების მიხედვით, მთიანი ყარაბაღის გამყოფ ხაზზე და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ხუთი წლით განისაზღვრა რუსეთის სამხედრო ძალის სამშვიდობო საქმიანობის მანდატი, შემდგომი ხუთი წლით მისი ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობით.

სამშვიდობო მისიის შესასრულებლად მთიან ყარაბაღში უკვე განლაგდება რუსეთის მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა.

აღნიშნული დანაყოფი 2005-2008 წლებში ე.წ. სამშვიდობო მისიას ასრულებდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში და, დიდი ალბათობით, მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში - კონკრეტულად, ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის მიმართულებაზე წარმოებულ ოპერაციებში.

რუსეთის სახელმწიფო მედია ადგილზე აკრედიტებული საკუთარი კორესპონდენტების პირით თითქმის ყოველდღე უამბობს მაყურებელს, თუ როგორ მიაქვთ რუს სამხედროებს სასმელი წყალი და სამშენებლო მასალა ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის.

ერევანი და მოსკოვი ამტკიცებენ, რომ რუსი ჯარისკაცების თანხლებით, სტეპანაკერტსა და მთიანი ყარაბაღის სხვა დასახლებულ პუნქტებში ბრუნდება 27 სექტემბერ დაწყებული საომარი ესკალაციის შედეგად გაქცეული მოსახლეობა.

„მთიან ყარაბაღში სომხების უსაფრთხოება და მომავალი დიდწილად ამ, დაახლოებით, 2 000 რუს მშვიდობის დამცველზეა დამოკიდებული. ეს დამატებითი შეშფოთების საგანია, მაგრამ ასეთია ამჟამინდელი ყოველდღიური რეალობა“, - ამბობს რიჩარდ გირაგოსიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG