Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატის მოწოდების მიუხედავად, საფრანგეთი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ ცნობს – კახა გოგოლაშვილი


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი. / ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი.
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი. / ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საფრანგეთის სენატის რეზოლუციას „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის“ შესახებ? რატომ მიიღო რეზოლუციამ უმრავლესობის მხარდაჭერა? ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ მიმართა კახა გოგოლაშვილს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს.

- საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ცნოს აზერბაიჯანსა და სომხებს შორის სადავო რეგიონის, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. რეზოლუცია - რომელსაც მხარი არ დაუჭირა სენატის მხოლოდ ერთმა წევრმა - სარეკომენდაციო ხასიათისაა. უნდა ველოდეთ თუ არა საფრანგეთის მხრიდან მთიანი ყარაბაღის აღიარებას?

არ მგონია, მთავრობამ აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საერთოდ მთავრობა ვალდებულია ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც მოილაპარაკოს ასეთ თემებზე. ისინი უნდა გამოვიდნენ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით. რომც იყოს საფრანგეთის მთავრობა ამის მომხრე, ის უნილატერულად არ იმოქმედებს. საერთო ევროკავშირის დონეზე, ამის გაკეთება [აღიარება] იქნება ძალიან პრობლემური.

ერთი საქმეა სენატის განცხადება და მეორეა, თუ მთავრობა ასეთ ნაბიჯს დგამს, უნდა გაითვალისწინოს აზერბაიჯანთან და შესაძლოა, თურქეთთანაც - რომელთანაც ისედაც დაძაბულია სიტუაცია - გააფუჭოს ურთიერთობები. ეს არ მგონია, იყოს საფრანგეთის ინტერესებში.

რეზოლუცია, რა თქმა უნდა, არის საფრანგეთის დე მარში, მაგრამ მთლიანობაში, მთავრობის მიერ ყარაბაღის აღიარება არ მოჰყვება.

- საფრანგეთს, ერთი მხრივ, ახლო მეგობრული კავშირი აქვს ფრანკოფონულ სომხეთთან. მეორე მხრივ, დაძაბულია ურთიერთობა პარიზსა და ანკარას შორის. რა გახდა ყარაბაღის გარშემო საფრანგეთის სენატის ასეთი ერთიანობის წინაპირობა?

სომხებს ძალიან დიდი და ძლიერი ლობი ჰყავთ საფრანგეთში, განსაკუთრებით, საკანონმდებლო ორგანოში და შესაბამისად, ახლაც მოახერხეს ამ საკითხის წამოწევა და სენატში გატანა.

ასევე, იმოქმედა ბოლო ხანებში თურქეთთან დაძაბულმა ურთიერთობებმა. ისლამოფობიამ, რომელმაც ფეხი მოიკიდა საფრანგეთში, ბოლოდროინდელი ტერაქტების გამო. ყარაბაღი იქ განიხილება, როგორც პატარა ქრისტიანული ანკლავი მუსლიმურ აზერბაიჯანში.

- სომხეთს თავად არ უღიარებია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. რეგიონის სტატუსზე არ არის საუბარი არც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საბოლოო შეთანხმებაში. რა შეიცვლებოდა საფრანგეთის მიერ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებით?

საფრანგეთი თავად მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობს. მას შემდეგ, რაც მინსკის ჯგუფის საქმიანობა კრიტიკულად ფასდება, რადგან რუსეთმა განსაკუთრებით და ასევე, თურქეთმა, მინსკის ჯგუფის გარეშე გადაწყვიტეს ომის შეწყვეტა და მისი პირობები, სამშვიდობო მისია და ა.შ. ამიტომ, საფრანგეთი ახლა ცდილობს, რომ ისევ დააბრუნოს საკითხი მინსკის ჯგუფში, ეუთოში, სადაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი არიან თანათავმჯდომარეები.

ქვეყანა, რომელიც მინსკის ჯგუფის წევრია და აზერბაიჯანისგან აქვს მიღებული ნდობის მანდატი, ის ნებისმიერ შემთხვევაში, არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჯგუფი უბრალოდ არ იარსებებს, პროცესი დასრულდება და ეუთოს მიადგება ზიანი.

საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ისევე, როგორც რუსეთმა, არ შეიძლება ცალმხრივად იმოქმედონ - ეს დარღვევაა ყველანაირი დიპლომატიური ეთიკის. სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან რაღაც მშვიდობიან გადაწყვეტილებაზე, მანამდე ასეთი პრაქტიკა არ არის. თუმცა პრეცედენტები ყოფილა, მაგალითად, როცა კოსოვო აღიარეს ქვეყნებმა, რომლებიც მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული და ხელმძღვანელობდნენ მას. თუმცა იქ პროცესი შევიდა აბსოლუტურ ჩიხში. ახლა [ყარაბაღის გარშემო] ვერ ვიტყვით ამას. საფრანგეთი არ ჩახერგავს შესაძლებლობას, რომ გააგრძელოს ამ პროცესში მონაწილეობა.

- აზერბაიჯანში რეზოლუცია პროვოკაციად შეაფასეს და პარლამენტარებმა მოითხოვეს, რომ საფრანგეთს ჩამოერთვას მედიატორის როლი, რომელსაც რუსეთთან და აშშ-სთან ერთად, 1992 წლიდან იკავებს. ამასთან, აზერბაიჯანში არაერთხელ გაჟღერდა ეუთოს მედიაციის პროცესში თურქეთის ჩართვის სურვილი, რომელიც ხმამაღლა უჭერს მხარს აზერბაიჯანს. შეიძლება თუ არა საფრანგეთმა მართლაც დაკარგოს მედიატორის სტატუსი?

არა. საფრანგეთის მთავრობა არ აგებს პასუხს იმაზე, რა ხდება პარლამენტში. პარლამენტის მიერ რაღაცის აღიარება, არ ნიშნავს ქვეყნის მიერ რაიმეს აღიარებას. ეს რეზოლუცია, რა თქმა უნდა, ჩრდილს მიაყენებს საფრანგეთის მიმართ ნდობის ფაქტორს, მაგრამ აზერბაიჯანის მთავრობა, დარწმუნებული ვარ, ამას გაგებით მოეკიდება.

- სამხრეთ კავკასიის ყველა კონფლიქტი ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ შეიძლება თუ არა საფრანგეთის სენატის რეზოლუცია რაიმე შეტყობინებად აღიქვან თბილისში, სოხუმისა თუ ცხინვალში?

შეიძლება, ნებისმიერი სეპარატისტული რეგიონის მხარდაჭერა აღიქვა რაღაც სიგნალად, მაგრამ არც ცხინვალის რეგიონს და არც აფხაზეთს არ აქვს საფრანგეთში არანაირი ლობირების საშუალება. საფრანგეთშიც არ აქვთ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების მიმართ ინტერესი. სომხეთის მიმართ - აქვთ, რადგან ფრანგი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული გავლენების განხორციელებას საერთაშორისო პოლიტიკაში. შეიძლება, მათთვის სომხეთი არის ის ქვეყანა, რომელშიც ხედავენ გარკვეულ დასაყრდენს, თავიანთი გავლენებისთვის. ისტორიული კავშირი, სომხური დიასპორა და გარკვეული კულტურული ურთიერთობები, სომხეთის გარკვეული ცნობადობა საფრანგეთში და ა.შ. თავად ყარაბაღი არავითარ ინტერესს არ წარმოადგენს ფრანგებისთვის, საუბარია სომხების მხარდაჭერაზე.

საფრანგეთს არანაირი ინტერესი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არ ჰქონია და არც შეიძლება ჰქონდეს.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG