Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დასავლეთს ადანაშაულებს ბელარუსის საქმეებში ჩარევაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთს ბელარუსის საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი შეხვედრაზე ალექსანდრ ლუკაშენკასთან, რომლის წინააღმდეგაც ბელარუსში თვეებია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, კამათის საგნად ქცეული არჩევნების გამო.

ლავროვმა მინსკში გამართა შეხვედრები ლუკაშენკასთან და ბელარუსის სხვა მაღალჩინოსნებთან, რაც მორიგი გამოვლინება იყო მოსკოვის მხარდაჭერისა ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ.

9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკის ქუჩებში ყოველ შაბათ-კვირას ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას დემონსტრაციებში. არჩევნების შედეგით მეექვსე ვადით მიაკუთვნეს გამარჯვება 66 წლის ავტორიტარ ლიდერ ლუკაშენკას, რომელიც 1994 წლიდანაა ხელისუფლებაში. დემონსტრანტები თვლიან, რომ არჩევნების რეალური გამარჯვებულია ოპოზიციის 38 წლის ლიდერი, სვეტლანა ციხანოუსკაია, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიაში მისი დაპატიმრებული ქმრის ნაცვლად ჩაერთო.

მოსკოვი ლუკაშენკას აქციების დაწყებიდანვე უჭერს მხარს, ბოლო თვეებში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ორი ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის.

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვლადიმირ მაკეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ლავროვმა აშშ-ს და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს ბრალი დასდო "უხეშ ჩარევაში" ბელარუსის შიდა საქმეებში. ლავროვის თქმით, დასავლეთი "იყენებს ე.წ. ფერადი რევოლუციების ბინძურ მეთოდებს, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას, ღიად ანტისამთავრობო ძალების მხარდაჭერას და მათ რადიკალიზაციის ხელშეწყობას".

დასავლეთის ქვეყნების ლიდერები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მხარს უჭერენ ციხანოუსკაიას, რომელმაც ბელარუსი დატოვა და მეზობელ ლიეტუვაში ცხოვრობს, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

XS
SM
MD
LG