Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა


"2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია", - ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინშეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

ზურაბ აბაშიძის კომენტარს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური აქვეყნებს.

ზურაბ აბაშიძის შეფასებით, აღნიშნულ თემაზე შეხვედრისას საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

„კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო, არის ასეთი პასაჟი - „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“. ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია“, - აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ონლაინფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომელიც 27 ნოემბერს გამოქვეყნდა, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა, მოხდა მოსაზრებების გაცვლა ორმხრივი ურთიერთობების რიგ პრაქტიკულ საკითხებზე. დადასტურდა ორმხრივი განწყობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აპროტესტებენ პარლამენტთან შეკრებული აქტივისტები და პოლიტიკოსები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG