Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. არიან დაშავებულები


28 ნოემბერს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებითა და ძალადობით დასრულდა ქვეყანაში უსაფრთხოების ახალი ზომების წინააღმდეგ მიმართული მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია, რომელიც სტიქიურად მოჰყვა პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მუსიკალური პროდიუსერის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პარიზის ქუჩებში დაახლოებით 46 000, მთელი საფრანგეთის მასშტაბით კი 133 000 ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში. „ფრანს პრესის“ ცნობით დემონსტრანტები ქვებს და მანათობელ მაშხალებს ისროდნენ პოლიციის მისამართით, პარიზში ბასტილიის მოედანზე რამდენიმე მანქანა და ფარდული დაწვეს.


დემონსტრანტები უპირისპირდებიან უსაფრთხოების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიღებაც, მათი აზრით, შეზღუდავს მედიის მიერ სამართალდამცველების სახეებისა და მათ მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი კადრების გავრცელებას.

მთავრობა თავის მხრივ მოქალაქეებს არწმუნებს, რომ დოკუმენტი მოწოდებულია დაიცვას პოლიციელები ინტერნეტით ბოროტად სარგებლობისგან.

მანამდე კვირის დასაწყისში, საფრანგეთის მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც სამი თეთრკანიანი პოლიციელი დასცინის და ცემს ფერადკანიან მუსიკალურ პროდიუსერ, მიშელ ცეკლერს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ამ ინცინდენტს უწოდა მიუღებელი და სამარცხვინო. პოლიციელები, რომლებიც ვიდეოზე ჩანდნენ, დროებით ჩამოაშორეს თანამდებობას და გამოძიების ქვეშ იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG