Accessibility links

logo-print logo-print

პროკურორი: კვაზიექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულების ადვოკატებმა შეადგენინეს გიგი უგულავას ძმას


პროკურორი მიხეილ სადრაძე

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე არ ეთანხმება დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნას და აღნიშნავს, „თითქოსდა ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვის მხარემ წარმოადგინა, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის მიერ შედგენილი, ის არც შინაარსობრივად და არც რეკვიზიტით, ექსპერტიზის დასკვნა ვერც იქნება“. პროკურორის თქმით, ეს „კვაზიექსპერტიზის“ დასკვნა ბრალდებულების ადვოკატებმა შეადგენინეს „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას ძმას. როგორც სადრაძე აღნიშნავს, ექსპერტიზის დასკვნას აქვს თავისი სტანდარტები, რა მეთოდები და ლიტერატურა გამოიყენეს მისი მომზადების დროს.

„რაც შეეხება სტანდარტებს, ეს შინაარსობრივად უნდა ყოფილიყო კარტოგრაფიული ექსპერტიზა და, ბუნებრივია, ამ დარგის სპეციალისტმა უნდა შეადგინოს. ჩვენი ექსპერტიზა ამ დარგის წამყვან სპეციალისტებს აქვთ შედგენილი და კიდევ გარკვეულ კითხვებს პასუხი აუცილებლად გაეცემა“, - აღნიშნავს სადრაძე. მისი თქმით, ივერი მელაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ამ საქმეში თითქოსდა არ არსებობს მტკიცებულება. „8 ოქტომბრის შემდგომ უამრავი მტკიცებულება მოვიპოვეთ ჩვენ. მათ [დაცვის მხარეს] 8 ოქტომბრის შემდგომ მტკიცებულება არ მოუთხოვიათ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველაფერი, რასაც მოითხოვენ, უნდა გადავცეთ გონივრულ ვადაში“, - თქვა სადრაძემ.

რადიო თავისუფლება ელაპარაკა ივერი მელაშვილის ადვოკატს ედუარდ მარიკაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა სრულად შეესაბამება სტანდარტებს. „ექსპერტიზა ჩაატარა ირაკლი უგულავამ, მე მისი ნათესაური კავშირები არ გადამიმოწმებია, ნათესაური კავშირები აინტერესებს პროკურატურას, რათა ამ საქმის პოლიტიზებაზე მიანიშნოს კიდევ ერთხელ. რაც შეეხება სტანდარტებს, სტანდარტის სრული დაცვით არის ჩატარებული ეს ექსპერტიზა“, - ამბობს მარიკაშვილი.

საქმე ეხება ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, როგორც ადვოკატმა თქვა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, კარტოგრაფიულად სრულად აცდენილია რეალობას სადავო რუკები (რომლის არგამოყენებისთვისაც მისცეს პასუხისგებაში ბრალდებულები) და მასზე დატანილი მონაცემები. ადვოკატის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ბრალდებულების პოზიციას, რომ მათ შეამოწმეს ეს რუკები, რომ იყო გამოუსადეგარი.

პროკურორი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შენარჩუნების საკითხზეც ლაპარაკობს. „სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია, არგუმენტაცია და ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დატოვა ძალაში. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტით ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა, ასევე ბრალდებულების მხრიდან როგორც გამოძიების, ასევე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე უარყოფითი მონაწილეობა შესაბამისი მტკიცებულებებით და შესაბამისი სტანდარტით არსებობს“, - ამბობს მიხეილ სადრაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პატიმრობაში დატოვა. მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არც ის გარემოება, რომ მათ გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებად 200-ზე მეტი პირი უდგებოდა.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG