Accessibility links

logo-print logo-print

აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის ამოქმედდება 3-წლიანი პროგრამა 600 ათასი ევროს მოცულობით


იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატი (TFV) 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების 3-წლიან პროგრამას იწყებს.

პროგრამით გათვალისწინებული დახმარება განკუთვნილი იქნება 2008 წლის ომის მსხვერპლთათვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას სამედიცინო მკურნალობისას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას.

დაზარალებულთა ფონდის გადაწყვეტილება მიღებული იყო აგვისტოს ომის შედეგების დეტალური შესწავლის საფუძველზე. ზიანის მასშტაბების შეფასების პროცესი 2019-2020 წლებში საქართველოს მთავრობასთან, უშუალოდ აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებსა და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა. კონსულტაციების პროცესში განხილულ იქნა საკითხები, თუ რა ტიპის ზიანი მიადგათ აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს და რამდენად ახდენს მისი
შედეგები გავლენას მსხვერპლთა დღევანდელ ყოფაზე, მათ უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის უფლებაზე.

ჰააგის სასამართლოსა და საქართველოს სახელმწიფოს კონსულტაციების ფონზე გამოიკვეთა, რომ აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულები დღესაც საჭიროებენ მხარდაჭერას როგორც ფსიქოლოგიური, ისე ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებით. შესაბამისად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მსხვერპლთა დასახმარებლად პროგრამის დამტკიცების შესახებ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავად ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატი დეტალურ ინფორმაციას დახმარების ახალი პროგრამის შესახებ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებთან შემდგომი კონსულტაციების შედეგად გამოაქვეყნებს.

ასევე ნახეთ: საუკეთესო შემთხვევაში, ის დაგვრჩენია, რომ არ დაიჭირონ ქართველები.

როგორ იძიებს ჰააგის ტრიბუნალი აგვისტოს ომის დანაშაულებს

აგვისტოს ომი: ვის გაასამართლებს ჰააგის ტრიბუნალი?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG