Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის კოვიდის თვითმკურნალობა საშიში - კოვიდინფიცირებული მედიკოსის განმარტებები


ყველაზე ხშირად თვითმკურნალობის დროს კოვიდით ინფიცირებული პაციენტები ახლობლების თუ ნაცნობი ექიმების დახმარებით ანტიბიოტიკებს და, როგორც წესი, C და D ვიტამინებს სვამენ. შეიძლება თუ არა, ოჯახის ან ნაცნობის რჩევებზე დაყრდნობით, საკუთარ თავს მკურნალობა დავუნიშნოთ და თუ არა, რატომ? რადიო თავისუფლების კითხვებს კოვიდსასტუმროს მორიგე ექიმი დავით ტაკიძე უპასუხებს.

შეიძლება თუ არა ანტიბიოტიკების მიღება, თუ კოვიდ-19 გაქვს და სახლში მკურნალობ?

დავით ტაკიძე - დიპლომირებული მედიკოსი
დავით ტაკიძე - დიპლომირებული მედიკოსი

კორონავირუსი არის ვირუსული ინფექცია, რომელსაც ანტიბიოტიკი არ შველის.

ანტიბიოტიკი ინიშნება ბაქტერიული ინფექციის დროს. თუკი კორონავირუსს ერთვის ბაქტერიული ინფექცია, მხოლოდ მაშინ არის საჭირო ანტიბიოტიკის მიღება.

ამ მონაცემის გასაგებად კი საჭიროა ანალიზების პასუხი:

მინიმუმ უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი და განისაზღვროს ლეიკოციტების რაოდენობა სისხლში - თუკი მომატებულია, ნიშნავს, რომ ბაქტერიული ინფექციაა და საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკი ვირუსს ვერ უშველის.

თუკი გგონია, რომ ფილტვების ანთება გაქვს ან გემართება, იმ შემთხვევაშიც არ შეიძლება ანტიბიოტიკით მკურნალობა?

მქონია შემთხვევა, რომ ფილტვის ქსოვილის 50 %-ით დაზიანების შემთხვევაშიც არ დამინიშნავს ანტიბიოტიკი. ანთებას იწვევს ბაქტერიული ინფექციაც და ვირუსულიც. შესაბამისად, მე ბაქტერიის მკვლელი პრეპარატით ვერაფერს ვუზამ ვირუსს. შესაბამისად, აზრი არ აქვს ასეთ მკურნალობას. უნდა იყოს გამოხატული შესაბამისი კლინიკა - სიცხე 38.5 და ზემოთ, აუცილებლად სველი ხველა უნდა იყოს, ასევე ლეიკოციტოზი (ლეიკოციტების მომატება სისხლში) ან ლეიკოპენია (სისხლში ლეიკოციტების დაბალი შემცველობა).

უარესიც არის, თუკი უმიზეზოდ მივიღებთ ანტიბიოტიკებს. ბაქტერია გამოიმუშავებს რეზისტენტობას ანტიბიოტიკის მიმართ, ანუ გამძლეობას და ანტიბიოტიკი არ იქნება შედეგიანი მაშინ, როცა მისი მიღება საჭირო იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ექიმის დანიშნულებით მოხდეს წამლების მიღება, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ პრობლემები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.

ამ ეტაპზე თქვენ არა მხოლოდ კოვიდსასტუმროს ექიმი, არამედ უკვე კოვიდინფიცირებულიც ხართ. როგორი მკურნალობის კურსი გაქვთ თავად თქვენ?

მესამე დღეა, სიცხე თუ 38-ზე ზევით წავიდა, 6 საათში ერთხელ ვიღებ სიცხის დამწევს. ვიტვირთები სითხით და ვარ ფიზიკურად აქტიური.

მსუბუქად მიმდინარე ინფექციის შემთხვევაში რეკომენდებულია სითხის დალევა და ფიზიკური დატვირთვა.

შეძლებისდაგვარად ვწევარ მუცელზე, რომ არ მოხდეს დაწოლა და ფილტვის ქსოვილი განტვირთული იყოს.

სუნთქვაც სპეციფიკურია - ჩაისუნთქო ცხვირით, ამოისუნთქო პირით, თითქოს ბუშტს ბერავ.

რეალურად თუ გაბერავთ ბუშტს, უკეთესია, ფილტვის ქსოვილები უკეთ იშლება და ვენტილირება ხდება.

კორონავირუსის მკურნალობისას უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა:

ვიტამინების მიღება არის თუ არა Covid-19-ის კარგი პრევენცია?

ამბობენ, ლიმონი პრევენციისთვის კარგიაო. კი, სასარგებლო ციტრუსია, მაგრამ კლინიკური დადასტურება, რომ შველის ან აფარხებს ვირუსის მოხვედრას ორგანიზმში, არ არსებობს.


არც C და D ვიტამინის შესახებ არსებობს კლინიკური დადასტურება. თუ იმუნიტეტისთვის გვინდა, C ვიტამინი, აბები რომ არ ვყლაპოთ, ერთი ფორთოხლით ან ერთი მანდარინით შეგვიძლია მივიღოთ დღეში, D ვიტამინი კი - 2 საათი მზეზე ყოფნით.

ამასვე აცხადებს ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი. მათი თქმით, არასაკმარისი მონაცემებია იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოთ D ვიტამინის გამოყენებას COVID-19-ის პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით.

ვიტამინები
ვიტამინები

რაზეა დამოკიდებული, კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა გამწვავდება თუ არა?

ბოლოს მოწოდებული გაიდლაინებით, თითქოს ვირუსის მიმდინარეობას განაპირობებს ის, თუ რამდენი ვირუსი მოხვდება ორგანიზმში საწყის ეტაპზე, - რამდენად დადასტურებულია კლინიკურად, ვერ გეტყვით, - ასევე, რა ქრონიკული თანმხლები დაავადებები აქვს პაციენტს და რამდენად ძლიერი იმუნიტეტი.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG