იუსტიციის სახლი სამწუხაროს უწოდებს იმ ნეგატიურ გამოხმაურებებს, რომელიც უწყების მიერ ახალშობილის მშობლისთვის 25-ლარიანი ვაუჩერების გადაცემის დაანონსებას მოჰყვა. უწყებამ ამ შინაარსის განცხადება პროგრამის დაანონსების მეორე დღეს გაავრცელა და აღნიშნა, რომ მათი სოციალური პროექტის შესახებ ნეგატიური კამპანია ააგორეს.
"იუსტიციის სახლი წუხილს გამოთქვამს, თუკი ვინმესთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა... იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 25 ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებისთვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობის ასაღებად მივა", - განმარტავს იუსტიციის სახლი.
გუშინ, 1 დეკემბერს იუსტიციის სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სოციალური პროექტი "კეთილი იყოს შენი მობრძანება" კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იღებდა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მსგავსად ყველა ახალშობილის მშობელი, რომელიც დაბადების მოწმობის ასაღებად მივიდოდა, 25-ლარიან სასაჩუქრე ბარათს გადასცემდნენ.
"[ახალშობილის მშობლები] მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება", - აღნიშნავდა იუსტიციის სახლი.