Accessibility links

site logo site logo

სასამართლოში გახმაურებული საქმეები "ტექნიკური კოლაფსის თავიდან ასარიდებლად" გადაიდო


თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო იმ გახმაურებული საქმეების განხილვა, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ტექნიკური კოლაფსის თავიდან ასარიდებლად გადადებულია მიმდინარე სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმის განხილვა, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეების გადადების რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა.

ამ რეკომენდაციით აიხსნება ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეების გადადებაც.

რეკომენდაციების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით მოსამართლეს უფლება მიეცა - საქმე მოქალაქის ადგილსამყოფლიდან, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით განიხილოს.

"სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე (აღნიშნული რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს), არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გადაიდო მათი განხილვა. ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რათა არ მოხდეს სხვადასხვა მოსამართლესთან ერთდროულად მრავალ საქმეზე დანიშნული დისტაციური პროცესებით ტექნიკურ-სისტემური კოლაფსი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის წინ ყველა ის გახმაურებული საქმე გადაიდო, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებოდა ან ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. ოპოზიცია ამ საქმეების მიმდინარეობის შეჩერებას ასახელებდა ხელისუფლებასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთ ნაწილად. სწორედ ამ შეთანხმების გაფორმებას დაემთხვა დროში საქმეების მიმდინარეობის შეჩერება, განახლება კი - საარჩევნო პროცესის დასრულებას.

იმის მიუხედავად, რომ მარტში ინფიცირების ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, პროცესების გადადების მიზეზად კორონავირუსის პანდემია დასახელდა, ახლა კი ყოველდღიურად 4 ათასამდე შემთხვევა ვლინდება, თუმცა სხდომები მაინც ჩაინიშნა. სხდომების ჩანიშვნას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი ხელს შეუშლიდა ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG