Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახვლედიანი: არჩევნებისთვის გონივრული დრო განვსაზღვროთ, ნუ მივაყენებთ კუთხეში „ოცნებას“


 არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, არმაზ ახვლედიანის აზრით, საქართველოში არჩევნების შემდგომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ყველაზე კარგი კომპრომისი იქნებოდა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები გონიერებით და ლოგიკით ხელმძღვანელობდნენ. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კი, რომელზეც მან გადაცემაში ისაუბრა, მოდერატორების შუამავლობით ვადამდელ არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტას უკავშირდება:

„გადაწყდეს ვადამდელი არჩევნების თემა, რა თქმა უნდა არა ამ ცესკოთი და არა ამ მახინჯი არანორმალური საარჩევნო სტრუქტურებით. ოღონდ ვიეორებ, რომ ეს ვადამდელი შეიძლება არ იყოს თებერვალში, არ იყოს მარტში. განისაზღვროს გონივრული დრო ამისთვის. ეს ჩემი აზრია უკვე. გონივრული დრო განვსაზღვროთ. კი ბატონო, ნუ მივაყენებთ კუთხეში „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არსებობდეს საერთაშორისო გარანტიები, რომ ეს შეთანხმება შესრულდება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ გარემოების გათვალისწინებით თანამშრომლობა და მე როგორც არჩეული პარლამენტის წევრი ვიტყოდი, რომ ასეთი შეთანხმების მიხედვით შეიძლება პარლამენტში შესვლა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

დღეს, 3 დეკემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს. კანონის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღეში უნდა ჩატარდეს.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართულები. შედგა შეხვედრების 2 რაუნდი. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ოპოზიცია სამ მოთხოვნას აყენებს. ესენია ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

XS
SM
MD
LG