Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანკუვერში მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა


ვანკუვერის ცენტრალურ „სტენლის პარკში“ 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

კანადაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ფეისბუქგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის კოლუმბიის ქართული დიასპორული ორგანიზაცია და კანადაში საქართველოს საელჩო, ვანკუვერის მერიასთან რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და მემორიალის დადგმისთვის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური გადასახადიც სწორედ საელჩომ და დიასპორულმა ორგანიზაციამ გაიღეს.

„ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკვერის სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული. ეს მემორიალი მინიმუმ 10 წელი იდგება ვანკუვერში. საელჩო, ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციასთან ერთად, ბოლო წლებში პატრონაჟს უწევს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია, კანადის საზოგადოებას გააცნოს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი და კანადელებში გაზარდოს საქართველოთი დაინტერესება“ - წერია საელჩოს განცხადებაში.

2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143,3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

XS
SM
MD
LG