Accessibility links

logo-print logo-print

არსებით პაკეტზე უფრო მეტი


2 დეკემბერს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს საქართველოსათვის ალიანსთან ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის - არსებითი პაკეტის - განახლებული ვერსია, რაზეც ბრიუსელი და თბილისი გასული წლის დეკემბრიდან მუშაობდნენ.

განახლებული ვერსიით, 14 პროგრამისგან შემდგარ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს კიდევ სამი პროგრამა დაემატა, ხოლო არსებითი კომპონენტები მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა 3 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

„მთავარი მესიჯი“

განახლებული არსებითი პაკეტის შინაარსზე საუბრის დროს ქართველ მინისტრზე უფრო კონკრეტული იყო NATO-ს გენერალური მდივანი, რომელმაც ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო.

„ამ წლის დასაწყისში ჩვენ ასევე გავააქტიურეთ ჩვენი მხარდაჭერა, შევთანხმდით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებაზე ისეთი ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა საჰაერო მოძრაობის შესახებ მრავალმხრივი რადიოსალოკაციო მონაცემების გაცვლა, ერთობლივი ძალისხმევა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე ერთობლივი წვრთნების გამართვა შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ასევე გარკვეული დახმარება აღმოვუჩინეთ, მაგალითად, საქართველოს სანაპირო დაცვას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 2 დეკემბერს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში აცხადებენ, რომ მოკავშირეები სამომავლოდაც იფიქრებენ საქართველოსათვის პრაქტიკული დახმარების სხვადასხვა ფორმის გამოძებნაზე. „NATO-2030-ის ერთ-ერთი მიზანი, ცხადია, ისიცაა, რომ ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ჩვენი პარტნიორული ურთიერთობისა და მუშაობის გაძლიერება ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა. აი, ეს არის დღევანდელი ჩვენი შეკრების მთავარი მესიჯი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

და რაკი საქმე ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდგომი ათწლიანი პერიოდის პერსპექტიულ მიზნებსა და ამოცანებს, ცხადია, იბადება შეკითხვა, სად იქნებიან ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები 2030 წლისათვის - კვლავ პარტნიორთა ბანაკში თუ წევრთა რიგებში?

ეს კითხვა არსებითია მას შემდეგ, რაც ალიანსის სახელმწიფოთა მეთაურებმა ნატოს 2019 წლის დეკემბრის სამიტზე გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს მიმართეს თხოვნით, გაეკეთებინა ალიანსის პოლიტიკური განზომილების პერსპექტიული შეფასება.

თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, ნატოს გენერალურ მდივანთან შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა (Reflection Group) ალიანსის ერთ-ერთ იმპერატიულ ამოცანად ნატოს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნება და იმ პარტნიორებისადმი დახმარების შემდგომი გაძლიერება დაასახელა, რომლებიც NATO-ში გაწევრიანებას ესწრაფვიან.

„NATO-ს ღია კარის პოლიტიკა მხარდაჭერილი უნდა იყოს და იგი უნდა გააქტიურდეს, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი პარტნიორი ქვეყნების მოდერნიზების, ინტეგრაციისა და მომავალი წევრობისათვის მათ მოსამზადებლად. NATO-მ უნდა გააფართოოს თავისი დახმარება პარტნიორებისადმი, რომლებმაც ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადეს, დაეხმაროს მათ განავითარონ წევრობისათვის აუცილებელი ინსტრუმენტები და რეფორმები პარტნიორების პოლიტიკურ, სამხედრო, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან ერთობლივი მუშაობით. ნატო კვლავინდებურად ერთგული უნდა დარჩეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და წევრობის შესახებ მოლაპარაკებების მნიშვნელობა უფრო მაღალ დონეზე უნდა აიყვანოს“, - აღნიშნულია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციაში, რომელსაც, 67-გვერდიან კონცეპტუალურ ანგარიშთან ერთად, NATO-ს გენერალური მდივანი 2021 წელს ალიანსის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტს წარუდგენს.

NATO-ს მთავარი ქვაკუთხედი

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას გადაწყვეტენ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები ნატოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით მოქმედი ავტორიტეტიანი საერთაშორისო ექსპერტების ამ კონკრეტულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე იენს სტოლტენბერგმა 2 დეკემბერს კვლავ გაიმეორა, რომ ალიანსის გაფართოების გადაწყვეტილებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.

„კონსენსუსი ჩვენი ალიანსის ქვაკუთხედია. იგი მომავალშიც იქნება ჩვენი ალიანსის საყრდენი. დარწმუნებული ვარ და ეს სრულიად ნათელია, რომ გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება არის ის, რაც საჭიროებს ყველა მოკავშირის მხარდაჭერას.

ამასთანავე, როგორც ვთქვი, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას (საქართველოსადმი). დღევანდელი შეხვედრის დროს ბევრმა მოკავშირემ დაადასტურა, რომ სწავლობენ, თუ კიდევ რა შეუძლიათ გააკეთონ როგორც ნატოს ფარგლებში, ისე ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე. მე მოვუწოდებ მათ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ, რასაც მეც ვუჭერ მხარს, და ჩვენ ასევე შევთანხმდით ამ განახლებულ პაკეტზე, როგორც ინსტრუმენტზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ საქართველოსათვის პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოსაჩენად“, - განაცხადა 2 დეკემბერს იენს სტოლტენბერგმა.

NATO-საქართველოს ახლა უკვე განახლებული არსებითი პაკეტის გარდა, საქართველოს აქვს ალიანსთან პრაქტიკული თავსებადობის სხვა ინსტრუმენტებიც, კერძოდ, NATO-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა.

2014 წელს უელსის სამიტზე მიღებული NATO-საქართველოს „არსებითი პაკეტი“ ყველაზე ამბიციურ ინსტრუმენტად რჩება, რადგან მიჩნეულია, რომ იგი განავითარებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და ეხმარება ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების მიზნის მიღწევაში.

„არსებითი პაკეტის“ შემადგენელი მნიშვნელოვანი პროექტებია 2015 წლის 27 აგვისტოს თბილისთან ახლოს, კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე, გახსნილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC).

და, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building School-DIB), რომელიც 2016 წელს დაფუძნდა.

NATO-ს უელსის სამიტზე „არსებით პაკეტთან“ ერთად საქართველომ მიიღო ნატოს „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი (EOP).

საქართველომდე ამ სტატუსს ფლობდნენ ავსტრალია, ფინეთი, იორდანია და შვედეთი. სულ ბოლოს, 2020 წლის 12 ივნისს, ამ სიას შემოუერთდა უკრაინა, კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც, საქართველოს მსგავსად, 12 წელია ელოდება ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიღებას.

„საქართველოს მაგალითზე, რომელმაც EOP-ის სტატუსი 2014 წელს უელსის სამიტზე მიიღო, ეს ნიშნავს, რომ ამ სტატუსის ქვეყნები ყველაზე მეტად არიან თავსებადი ალიანსთან საკუთარი შეიარაღებული ძალებით. ეს სტატუსი საშუალებას იძლევა ნატოსთან უფრო ფართო თანამშრომლობის, ალიანსის სამხედრო ოპერაციებში პარტნიორების მეტი მონაწილეობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ფართო პოლიტიკური კონსულტაციებისათვის“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი.

ყველა ახალი მძლავრი სიგნალი ბრიუსელიდან თუ არსებითი ინსტრუმენტების გაძლიერება, მათ შორის, „განახლებული არსებითი პაკეტი“, ცხადია, კიდევ უფრო აახლოებს ასპირანტ ქვეყანას ნატოსთან, უფრო მეტად თავსებადს ხდის მის სახელმწიფო ინსტიტუტებს ალიანსის სტანდარტებსა და პროცედურებთან.

მაგრამ ყველა „არსებით პაკეტზე“ უფრო არსებითია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), ასპირანტი ქვეყნის სრულფასოვან წევრად გადაქცევის ბოლო და დასკვნითი ინსტრუმენტი, რაც საქართველოს კვლავაც მისაღები აქვს.

„საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მისწრაფებას, გახდეს NATO-ს წევრი, რაც მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია და მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. მოკავშირეები ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არის ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი“, - ნათქვამია NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სწორედ „არსებითი პაკეტის“ მე-5 წლისთავზე მიიღეს ბათუმში, ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაციის ვიზიტის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG