უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, კვლავ გაიმეორა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ პუნქტს, რომელიც თან ერთვის ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტისა და პანდემიის მასშტაბური დახმარების პროექტს.
უნგრეთი და პოლონეთი ბლოკავენ 1,8 ტრილიონი ევროს ($2.2 ტრილიონი) მოცულობის ევროკავშირის ფონდს, რომლიდანაც 750 მილიარდი ევრო სასწრაფოდ უნდა განაწილდეს ბლოკის 27 წევრ ქვეყანას შორის, კორონავირუსის მეორე ტალღით გამოწვეული ორმაგი რეცესიის დასაძლევად.
ვიქტორ ორბანმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ 26 ნოემბერს ბუდაპეშტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებული მექანიზმი ბლოკს აღებული კურსიდან გადახვევის საფრთხეს უქმნის. ერთობლივ დეკლარაციაში პრემიერ-მინისტრები წერენ, რომ მექანიზმი „იყენებს ბუნდოვან განსაზღვრებებს და ორაზროვან ტერმინებს, მკაფიო კრიტერიუმის გარეშე იმის შესახებ, თუ რას შეიძლება დაეყრდნოს სანქციები“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით სიჩქარე არ არის საჭირო და თუ მისი დამტკიცება იანვრისათვის ვერ მოხდება, ეს მოგვიანებით გახდება შესაძლებელი.