Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციურმა პარტიებმა ელჩებს წერილობით გადასცეს ერთიანი შეჯერებული პოზიცია


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის თანაშემწის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია. როგორც ბაქრაძე ამბობს, „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკების ფასილიტატორებს ოპოზიციამ წერილობით გადასცა საკუთარი წინადადებები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესახებ.

„ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორებმა, ჩვენი პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“ და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ, დოკუმენტირებულ პასუხს მმართველი პარტიისგან“, - ამბობს ბაქრაძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ფასილიტატორების თხოვნის გამო, „ქართული ოცნებისგან“ პასუხის მიღებამდე საზოგადოებას წერილის შინაარსს ვერ გააცნობენ.

„შემიძლია გითხრათ, რომ შეთავაზება არის შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რასაც აქამდეც აყალიბებდა ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არჩევნებიც არის, მათ შორის. დეტალურ ინფორმაციას დღეს ვერ მოგაწვდით, დაველოდებით პასუხს „ქართული ოცნებისგან“ და მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება ოფიციალური პასუხი, შეგვეძლება, საზოგადოებას გავაცნოთ მთელი ინფორმაცია.

ჩვენი პოზიცია პარლამენტის ბოიკოტის შესახებ არის უცვლელი, ვინაიდან არაფერი ისეთი, რაც ამ პოზიციას შეგვაცვლევინებდა, „ქართული ოცნებიდან“ არ მოსულა. მათგან იყო შემოთვლილი გარკვეული წინადადებები, ძალიან ბუნდოვანი და არასრულყოფილი სახით. რა წინადადებები, ამას ვერ გეტყვით“, - აცხადებს დავით ბაქრაძე. მისი თქმით, დღეს ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ წითელ ხაზებზე ილაპარაკოს. დეპუტატის შეფასებით, ქვეყანა შევიდა პოლიტიკურ კრიზისში იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი უკვე გაიმართა.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, „ქართული ოცნება“ კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვის თარიღი უცნობია.

XS
SM
MD
LG